თამარ ჟვანია: სანდრა რულოვსისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ სიის მეორე ნომერის სანდრა რულოვსის პარლამენტის წევრად უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას საკანონმდელო ორგანო მიიღებს.

როგორც ჟვანიამ აღნიშნა, თუ პარლამენტი დეპუტატს ვადამდელ უფლებამოსილებას შეუწყვეტს, ცესკო შესაბამის პროცედურებს განახორციელებს.

„სანდრა რულოვსი საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გათვალისწინებით, არჩეულ პირად იქნება ცნობილი, თუმცა პარლამენტის წევრად უფლებამოსილების შესახებ გადაწყვეტილებას თვითონ საქართველოს პარლამენტი მიიღებს. თუ პარლამენტი არჩეულ დეპუტატს ვადამდებულ უფლებამოსილებას შეუწყვეტს, ამ შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისია განახორციელებს პროცედურებს – სიაში შემდგომი რიგი რომელ კანდიდატსაც უწევს, მას მიმართავს, არის თუ არა თანახმა, პარლამენტის წევრი იყოს“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

„ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის მეორე ნომერმა სანდრა რულოვსმა საქართველოს პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა და უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადება ცესკო-ში შეიტანა.

კანონმდებლობის თანახმად, როცა დეპუტატი მანდატზე უარს ამბობს, მას საარჩევნო სიით მომდევნო წევრი ანაცვლებს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში 27 დეპუტატი შეჰყავს. სიით 28-ე გიორგი ღვინიაშვილია. შესაბამისად, მისი სურვილის შემთხვევაში, სანდრა რულოვსს სწორედ ღვინიაშვილი ჩაანაცვლებს.

banner
წინა სტატიაშიმარტინ შულცი: აშშ-ს პოლიტიკური სისტემა საკმაოდ ძლიერია იმისათვის, რომ დონალდ ტრამპი შეაკავოს
შემდეგი სტატია“მიშასთანაცაა ნაქეიფარი და ბიძინას კარის მეზობელიცაა”- ზურაბიშვილი აშშ-ის ახალ პრეზიდენტზე