თამარ ჟვანია : მრეწველებმა სია 19:05-ზე შემოიტანეს, რეგისტრაციის ვადა დასრულებული იყო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას მტკიცებით, თოფაძე – მრეწველები – ჩვენი სამშობლოსთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება კანონის შესაბამისად მოხდა. ჟვანიას განმარტებით, 17:25 საათზე აღნიშნულმა საარჩევნო სუბიექტმა წარმოადგინა სააღრიცხვო ბარათები, რაც საარჩევნო სიის დანართი დოკუმენტია, და არა პარტიული სია, ეს კი, რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდა.

„17:24 თუ 17:25 საათზე რეგისტრაციაში გატარებულია დოკუმენტაცია და არა პარტიული სია. ჩვენი ელექტრონული ბრუნვის სისტემაში ე.წ. E-დოკუმენტში ფიქსირდება, რომ წარმოდგენილია სააღრიცხვო ბარათები. ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტზე, ვინც იმ დღეს მოვიდა, კანონით დადგენილ ვადაში ფიქსირდება, რომ წარმოდგენილია პარტიული სია. შესაბამისად, დღეს საარჩევნო ადმინისტრაციაში ოფიციალურად ფიქსირდება, რომ 17:25 საათზე, როდესაც მრეწველები – თოფაძე – ჩვენი სამშობლო – საარჩევნო სუბიექტმა შემოიტანა კონკრეტული დოკუმენტაცია. იმ დოკუმენტაციაში არ იყო პარტიული სია და ფიქსირებულია მხოლოდ სააღრიცხვო ბარათები”, – თქვა თამარ ჟვანიამ.

ცესკოს თავმჯდომარის თქმითვე, რეგისტრაციის დამადასტურებელი ნომერი, რომელიც საარჩევნო სუბიექტმა – თოფაძე – მრეწველები – ჩვენი სამშობლო მიიღო, მხოლოდ იმ საბუთების რეგისტრაციის დამადასტურებელია, რაც საარჩევნო სუბიექტმა 17:25 საათზე მიიტანა ცესკო-ში.
„მე კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ – საარჩევნო ადმინისტრაციის სარეგისტრაციო პროგრამაში ფიქსირდება, რომ რეგისტრირებულია საარჩევნო დოკუმენტაცია”, – თქვა ჟვანიამ.

თამარ ჟვანიას განმარტებით, როდესაც მას აცნობეს, რომ პარტიული სია არ იყო წარმოდგენილი, იგი თავად შევიდა კანცელარიაში და დაათვალიერა აღნიშნული სუბიექტის დოკუმენტაცია. მისივე თქმით, თოფაძე – მრეწველები – ჩვენი სამშობლოს პარტიული სია ცესკო-ში, დაახლოებით, 19:05 საათზე შეიტანეს, როდესაც რეგისტრაციის ვადა ამოწურული იყო.

„პარტიული სია რომ არ იყო წარმოდგენილი, ამის შესახებ, რა თქმა უნდა, მაცნობა შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. მე პირადად შევედი კანცელარიაში და დავათვალიერე დოკუმენტაცია კონკრეტული სუბიექტის. ამას ესწრებოდნენ, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები, ასევე ცესკო-ს რამდენიმე წევრი. იმასაც ვაფიქსირებ და ამის ოფიციალური ჩანაწერები არსებობს, რომ როდესაც საარჩევნო სუბიექტის პარტიული სია იქნა შემოტანილი, რეგისტრაციის ვადა უკვე დასრულებული იყო. ეს მოხდა, დაახლოებით, 19:05 საათზე”, – თქვა ჟვანიამ.

ცნობისთვის, ცესკომ საარჩევნო ბლოკ თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლოს საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ საბოლოო დადგენილება დღეს გამოსცა. ბლოკმა ცესკოს გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში უკვე გაასაჩივრა. ისინი საარჩევნო რეგისტრაციის აღდგენას მოითხოვენ. ბლოკის წევრების მტკიცებით, მათ ცესკოში საარჩევნო სია ჩააბარეს და ამის მტკიცებულებებიც აქვთ. ისინი სასამართლოსგან მათ სასარგებლო გადაწყვეტილებას ელიან.

banner
წინა სტატიაშიუშიშროების საბჭოს მდივნის კანდიდატურას პრეზიდენტი ხვალ დაასახელებს
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტში შეხვედრებს გამართავს