თამარ ტალიაშვილი: გაეროს ბავშვთა ფონდთან ჩვენი თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიგეგმა და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს პროცესიც პროდუქტიული იქნება

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილი იუნისეფის (Unicef) წარმომადგენელს საქართველოში, ღასან ხალილს და განათლების სპეციალისტს, ანა ჯანელიძეს შეხვდნენ.

შეხვედრაზე განათლების მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ რეფორმებზე იმსჯელეს; იმ თემატურ მოკვლევებზე ისაუბრეს, რომელიც კომიტეტში მიმდინარეობს; ყურადღება გამახვილდა განათლების კოდექსის შექმნაზე.

„ღასან ხალილი მიესალმა ჩვენი კომიტეტის ინიციატივას განათლების კოდექსის შექმნასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს იუნისეფთან ზოგადი განათლებისა და სკოლამდელი განათლების მიმართულებით ნაყოფიერი თანამშრომლობის გამოცდილება. დღეს ჩვენი თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიგეგმა და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს თანამშრომლობაც ასეთივე პროდუქტიული იქნება“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

მისი თქმით, მსოფლიო მასშტაბით ისეთი ორგანიზაციის საერთაშორისო მხარდაჭერა, როგორიც იუნისეფია, საქართველოსთვის განვითარების ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ბავშვთა უფლებების დაცვაზე, ბავშვთა უფლებების სწავლებაზე უნივერსიტეტებში და იმ ტრენინგებზე, რომელიც საქართველოს ასეულობით სკოლაში უკვე მიმდინარეობს.

„პროფესორი ღასან ხალილი საქართველოს დიდი მეგობარი, გულშემატკივარი და მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია ბავშვთა უფლებების დაცვისა და განათლების მიმართულებით“, – აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.

იუნისეფის წარმომადგენლის განცხადებით, ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა.

„ვისაუბრეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორიცაა განათლების სექტორის რეფორმა და პარლამენტის როლი უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი კანონმდებლობის მიღებასა და განხორციელებაში. კერძოდ, მნიშვნელოვანია, აღნიშნული კანონმდებლობა განხორციელდეს ყველა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვითა და მათი კეთილდღეობის მიზნით. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამგვარ შეხვედრებს და გამოვთქვამთ კიდევ უფრო მეტ მოსაზრებას ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში განსახორციელებელ სამომავლო აქტივობებზე“, განაცხადა ღასან ხალილმა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიაპუტინის გარემოცვა უკრაინაში ომს „კატასტროფულ შეცდომად“ მიიჩნევს – Bloomberg