თამარ სანიკიძე ტექნიკური უნივერსიტეტის საკითხით დაინტერესებულებს სასამართლო გადაწყვეტილების დალოდებას ურჩევს

განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს სასამართლო გადაწყვეტილების დალოდებას ურჩევს.

როგორც სანიკიძემ აღნიშნა, საუბარი არის კანონის ინტერპრეტაციაზე იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა კანონდარღვევა ამჟამინდელი რექტორის არჩევნებში მონაწილეობა.

სანიკიძის თქმით, ერთადერთი ინსტიტუცია, რომელსაც კანონის ინტერპრეტირება შეუძლია, ეს არის სასამართლო.

„აქედან გამომდინარე, მომჩივანმა მხარემ სასამართლოს უკვე მიმართა და მიმდინარეობს განხილვები. დაველოდოთ, ეს რაღაც, საზოგადოებრივი აზრის კვლევა ამასთან დაკავშირებით, გაუგებარია, რადგან საკითხი ეხება კანონს, მის ინტერპრეტაციას, რომელსაც დღეს განიხილავს სასამართლო“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

სანიკიძემ ასევე აღნიშნა, რომ განათლების სამინისტრო ვერანაირად ვერ იქნება ჩართული იმ პროცესებში, რომელიც დღეს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარეობს.

„ეს არის დავა უნივერსიტეტსა და მის პროფესორებს შორის. ჩვენ ვიყავით გარკვეული კუთხით ჩართული, როდესაც მოგვმართეს ადმინისტრაციული საქმის წარმოების მიზნით. მოკვლევა ჩატარდა, დასკვნა დაიდო, მიეწოდა მხარეებს და ისინი ასაჩივრებენ ახლა კანონის გარკვეულ პუნქტებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი მონაწილეობა ამ ეტაპზე გამორიცხულია“, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

ტექნიკური უნივერსიტეტის ფოიეში ექვსი პროფესორი შიმშილობს. ყოველ დღე, პროფესორებს, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე, ერთი მოშიმშილე შეემატება. ტექნიკური უნივერსიტეტის მოშიმშილე პროფესორებს ოთხი მოთხოვნა აქვთ: გადადგეს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, გაუქმდეს უკანონო აკადემიური საბჭო, გადადგეს ადმინისტრაციის არალეგიტიმური ხელმძღვანელი და მოვიდეს შესაბამისობაში ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ”უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონთან”.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – ”ქართული ოცნების” საარჩევნო სია, რომელიც გავრცელდა, სიცრუეზე იყო დაფუძნებული
შემდეგი სტატია„ხელშემწყობი გარემოს შექმნა მდგრადი საწარმოებისთვის“ გახსნა