თამარ ლალიაშვილი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს 90-იან წლებში ზვიად ძიძიგურის სიკვდილით დასჯას მხარს უჭერდა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, თამარ ლალიაშვილმა დღეს განმარტება გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში დეპუტატ ზვიად ძიძიგურის პროცესზე პროკურორი იყო.

„ძალიან დიდი სურვილი მქონდა, ამ საკითხთან დაკავშირებით გამეკეთებინა განცხადება. 1996 წელს გაიმართა ლოთი ქობალიას პროცესი, საკმაოდ მძიმე ბრალდებები იყო. რამდენიმე ბრალდებულს შორის ზვიად ძიძიგურიც იყო. ამ საქმეში მე და კიდევ ერთი პროკურორი ვალერიან წერეთელი ვმონაწილეობდით. მაშინ გათვალისწინებული იყო სასჯელის სახით სიკვდილით დასჯა. მაშინაც და ახლაც ამ სასჯელის კატეგორიული მოწინააღმდეგე ვიყავი და ვარ. ბუნებრივია, როდესაც დადგა საკითხი შესაბამისი მტკიცებულების გამოკვლევის შემდეგ ამ სასჯელების პროკურორის მიერ მოთხოვნის თაობაზე, მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეს განვუცხადე უარი. ამის გამო მომხსნეს პროცესიდან“,-აღნიშნა თამარ ლალიაშვილმა.

მისივე თქმით, ამის დამადასტურებელი საბუთები არსებობს – სასამართლო სხდომის ოქმი და სატელევიზიო ჩანაწერებიც.

„სასჯელები მოითხოვა და კამათებში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ვალერიან წერეთელმა. ვერც ერთ საქმეს ვერ ნახავთ, სადაც მე, როგორც პროკურორს სასჯელი – სიკვდილით დასჯა მომეთხოვა“,-აღნიშნა თამარ ლალიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო დეპარტამენტი მომავალ პრეზიდენტს რუსეთთან მიმართებაში რჩევას აძლევს
შემდეგი სტატია“საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგშია და მის მიმართ ინტერესი მუდმივად იზრდება”