თამარ კორძაია, რაც ცესკოში ხდება, არის ფარსი – ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს ჩაგრავს

თვალებზე ლიბრი აქვს გადაკრული ცესკო-ს , – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” პოლიტიკურმა მდივანმა, გაერთიანებული ოპოზიციის „ენმ – ძალა ერთობაშიას“ წევრმა თამარ კორძაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ცესკო-ში ოქმების განხილვის პროცესი შეაფასა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი მოქალაქეებს თავისუფალ არჩევანს ართმევს.

“რაც აქ ხდება, არის ფარსი. თამარ ჟვანია დღეს შეაჯამებს შემაჯამებელ ოქმებს ისე, რომ გასაჩივრების ვადებს არ დაუცდის. სინამდვილეში, ეს არის კიდევ ერთხელ საქართველოს მოქალაქეების ნების მიტაცებისა და არჩევნების გაყალბების დაკანონება ცესკო-ს მიერ. ჩვენ წარმოვადგინეთ სტატისტიკა, რომ უბნების უმეტესობაში შემაჯამებელ ოქმებში ბალანსი არ ჯდება. ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნები გაყალბებულია. სამწუხაროდ, თვალებზე ლიბრი აქვს გადაკრული ცესკო-ს. მან გადაწყვიტა, რომ ასეთი ძალადობით მკლავი გადაუგრიხოს მთელ საზოგადოებას. სამწუხაროდ, ხელისუფლება დიალოგზე არ მოდის. დაკვეთა აქვთ ალბათ, რომ მაიკ პომპეოს ჩამოსვლამდე შეაჯამონ ოქმები. მან აღმართა ჩინეთის კედელი თავის მოქალაქეებთან. ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული. ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს ჩაგრავს. ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის მოქალაქეებს თავისუფალ არჩევანს ართმევს”,-განაცხადა თამარ კორძაიამ.

ცნობისთვის, ცესკოში სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 22 საკითხის განხილვაა დაგეგმილი. მათ შორის: საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების კენჭისყრის შედეგების შეჯამება; საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შეჯამება; საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეჯამება.

ცესკო ასევე განიხილავს საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებულ შემაჯამებელი ოქმებზე ოპოზიციური პარტიების მიერ შეტანილი საჩივრებს.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში 4 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიალევან ბეჟაშვილი – ცესკო დღეს არის სუს-ი, პოლიცია, “ქართული ოცნების” შტაბი, ჟვანია და მისი დამქაშები დავალებების შემსრულებლები არიან