თამარ ხულორდავა : საქართველოს აქვს შანსი, ის ამბიცია, რომელიც ევროკავშირის წევრობას უკავშირდება, რეალური გახადოს

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ მიმდინარეობს. ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე გამართულ სესიაზე მოხსენებით პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა წარდგა.

„ევროკავშირი არის ყველაზე წარმატებული და მშვიდობაზე ორიენტირებული პროექტი, რომელიც ევროპის კონტინენტზე განხორციელდა. დროის სვლასთან ერთად, იგი ეტაპობრივად განვითარდა, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა. ევროკავშირი იმ ღირებულებების ერთობას წარმოადგენს, რომელიც თავისუფლებას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებების დაცვას,საბაზრო ეკონომიკას, სოციალურ სამართლიანობას ეფუძნება“, – აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

თავის გამოსვლაში მან საქართველოს საგარეო პოლიტიკურ მისწარაფებებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ევროინტეგრაცია არა მარტო საგარეო პოლიტიკური, არამედ ქვეყნის უმთავრესი შიდა პოლიტიკური პრიორიტეტია. ამისთვის კი, საქართველომ უნდა განაგრძოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმები და მიღწეული პროგრესი გაამყაროს, რათა სრულად ტრანსფორმირდეს ისეთ ქვეყნად, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნებს პასუხობს.

„საქართველოს აქვს შანსი და პერსპექტივა, განიხილებოდეს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოდ. ამისთვის აუცილებელია გაგრძელდეს სამუშაო პროცესი, რათა ამ ნაბიჯისთვის მოემზადოს, როგორც თავად საქართველო, ასევე ევროკავშირშიც მომზადდეს აზრი ამ მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე გამართულ სესიაზე მოხსენებებით იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, თეა წულუკიანი და ბულგარეთის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები გამოვიდნენ

banner
წინა სტატიაშიარჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა – საქმეზე სასამართლო განხილვები იწყება
შემდეგი სტატიამთავრობის ახალი შემადგენლობა – გია გაჩეჩილაძის ინფორმაციით, ცვლილებები ეკონომიკურ გუნდს და კულტურის მინისტრს შეეხება