თამარ ხულორდავა : მივიღებთ რეზოლუციას, რომელიც მხოლოდ ერთი პარტიის მიერ არ იქნება მხარდაჭერილი

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას განცხადებით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და სერიოზული პრობლემაა, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას.

როგორც ჟურნალისტებს ხულორდავამ განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მწვავე და სერიოზული პრობლემის ირგვლივ კონსოლიდაცია პარტიული კუთვნილების მიუხედავად მოხერხდეს.

„მივესალმები იმას, რომ ჩვენ რეზოლუციას მივიღებთ, რომელიც მხოლოდ ერთი პარტიის მიერ მხარდაჭერილი არ იქნება. რაც შეეხება სანქციებს და იმას, თუ რა დაბრკოლებებს შეუქმნის ეს ამ პირებს, ამ პირების მიმართ გარკვეულ ქმედებებს ახლაც ვახორციელებთ. ოთხოზორიას შემთხვევაში მკვლელის მიმართ ძალაში შესულია განაჩენი, უბრალოდ, მისი აღსრულება ვერ ხერხდება, მაგრამ მის მიმართ საერთაშორისო ძებნა მიმდინარეობს.

ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას ამ რეჟიმში გავაგრძელებთ. მათზე შეიძლება გარკვეული სავიზო შეზღუდვების დაწესება მოხდეს და ასევე სხვადასხვა ტიპის სანქცია შეიძლება იყოს გათვალისწინებული, რაზეც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დამატებით უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

banner
წინა სტატიაშიღვინის ჭურჭლის შემდეგ , უკვე უკრაინულ რძეზე გადაიყვანეს ბავშვები
შემდეგი სტატია“ბრექსიტის” გარდამავალი პერიოდზე შეთანხმება შედგა