თამარ ხულორდავა : მამუკა ბახტაძის ბრიუსელში 21 ნოემბრისთვის დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრა ადასტურებს, რომ საქართველო გამორჩეული ქვეყანაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიუსელში 21 ნოემბრისთვის დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრა ადასტურებს, რომ საქართველო გამორჩეული ქვეყანაა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ განაცხადა.

„ჩვენ გამორჩეული ქვეყანა ვართ და ეს გამოიხატება თუნდაც იმაში, რომ გვაქვს ევროკავშირთან უმაღლესი ფორმატი, რომელიც არცერთ სხვა ქვეყანას არ აქვს. ეს არის მართლაც ძალიან დასაფასებელი და ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმის, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირი საქართველოსთან ურთიერთობას.

არათუ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან არ აქვთ ასეთი უმაღლესი დონის თანამშრომლობის ფორმატი, არამედ კანდიდატ ქვეყნებთანაც კი. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ დავაფიქსიროთ რა გაკეთდა გასული ოთხი წლის განმავლობაში, რაც ასოცირების შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, საერთო გეგმებზე შევთანხმდეთ ევროკავშირთან, რაში შეძლებს ევროკავშირი კიდევ უფრო ქმედითად დაგვეხმაროს, რათა ჩვენი სამართლებრივი გარემო, ჩვენი პრაქტიკა, რეალობა, საქართველოს სივრცე დაუახლოვდეს და კიდევ უფრო თანხვედრადი გახდეს ევროკავშირის სივრცესთან“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა განაცხადა, რომ 21 ნოემბერს ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრა გაიმართება ევროკომისიის წევრებსა და საქართველოს მთავრობას შორის. „ეს უნიკალურ შესაძლებლობას მოგვცემს, რომ სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განვიხილოთ, გვქონდეს წინსვლა პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით. საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები მიიღებენ. კომისიის მხრიდან შეხვედრას უხელმძღვანელებს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ბათიაშვილი : საარჩევნო პროცესში სამხედროების ჩართვის კამპანია არის ფარული მზადება რევოლუციისთვის
შემდეგი სტატიამარიამ ჯაში – ინკლუზიური განათლების კომპონენტის დაფინანსება 5 მილიონიდან 17 მილიონ ლარამდე გაიზარდა