თამარ ხულორდავა: ევროკავშირში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს აღიარებენ

მმართველ გუნდში დადებითად აფასებენ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს საქართველოს ასოცირებაზე. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ ანგარიში პოზიტიურია.

მისი თქმით, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები ძლიერდება და ევროკავშირში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს აღიარებენ.

„ანგარიში ცალსახად მნიშვნელოვანია. ეს არის ამ ფორმით გამოქვეყნებული პირველი ანგარიში. მას ჰქვია ასოცირების განხორციელების ანგარიში. ასოცირების შეთანხმება 2016 წლის 1 ივლისს შევიდა ძალაში. ახლა უკვე, ყოველწლიურად ამ ფორმით მოხდება იმ რეფორმების შეფასება, რომელსაც ქვეყანა ხელშეკრულების ფარგლებში განახორციელებს“, – განაცხადა ხულორდავამ

მისივე თქმით, ანგარიში პოზიტიურია, რადგან მასში ცალსახად არის აღნიშნული, რომ საქართველო არის რეგიონში ლიდერი და წამყვანი ქვეყანა.

„ასევე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა. საუბარია, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არის სრულფასოვანი საკანონმდებლო ბაზა. ხაზგასმულია ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებაც. ანგარიში ეხება ყველა სფეროს, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, რომ ამ ანგარიშით კარგად ჩანს ის ეტაპი, რომელზეც ჩვენ ვიმყოფებით ევროკავშირთან ურთიერთობის მხრივ“, – აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

დეპუტატი აცხადებს, რომ ასოცირების შეთანხმება საქართველოს აძლევს პოლიტიკურ ასოცირებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას.

„ეს ძალიან განსახვევებულია იმ ეტაპისგან, რომელიც ამ ხელშეკრულების დადებამდე არსებობდა. ასევე, პოლიტიკურ ჭრილში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამასთან, ანგარიშში საუბარია იმ საკითხებზეც, რომელიც კიდევ საჭიროებს რეფორმირებას და ყურადღებას. სასამართლოს რეფორმის კუთხით აღნიშნულია, რომ ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, გაძლიერდა დამოუკიდებლობა, თუმცა აღნიშნულია, რომ რეფორმების გაგრძელებას საჭიროებს“, – განაცხადა დეპუტატმა.

ევროკომისიამ საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში პირველი ანგარიში დღეს გამოაქვეყნა. ანგარიში 2015 წლის იანვრიდან 2016 წლის დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდში მიღწეულ პროგრესს ასახავს.

ევროკომისიისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივი ანგარიში ასახავს საქართველოს მიერ თანამშრომლობის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით გატარებულ რეფორმებსა თუ ინიციატივებს, რის შედეგადაც საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო და ინტენსიური გახდა.

დოკუმენტში ევროკავშირი ცალსახად უსვამს ხაზს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და პოზიტიურად აფასებს ქართული მხარის კონსტრუქციულ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. ანგარიშის თანახმად, საქართველო სრულ თანხვედრაშია 6-პუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასთან.

ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ პრესის თავისუფლება გარანტირებულია არსებული სამართლებრივი ჩარჩოს საფუძველზე; დადებითად აფასებს სასამართლო სფეროში გატარებულ რეფორმებს, რაც ხელს უწყობს სასამართლოს დამოუკიდებლობას, პროფესიონალიზმსა და ეფექტიანობას. ანგარიში ხაზს უსვამს საქართველოს მზაობას, ევროკავშირის საჯარო მმართველობის პრინციპების შესაბამისად, გაატაროს საჯარო მმართველობის რეფორმა და აღნიშნავს ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.

ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ მიღწეული პროგრესი სრულ საფუძველს ქმნის ურთიერთობების შემდგომი წარმატებებისთვის.

საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება 2014 წელს გააფორმა.

banner
წინა სტატიაშიჯეჯელავა: დაისჯება ყველა, ვინც განათლების დამადასტურებელი საბუთების გაყალბებას შეეცდება
შემდეგი სტატია2017 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამში 12 მილიარდ 600 მილიონ ლარს შეადგენს – ქუმსიშვილი