თამარ კეკენაძე სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენის გადაწყვეტილებას გაუაზრებელსა და ნაჩქარევს უწოდებს

“თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძე თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენის მიზანშეწონილობის შესახებ დეტალურ განმარტებას სთხოვს.

თამარ კეკენაძე აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაუაზრებელსა და ნაჩქარევს უწოდებს.

,,ჩვენ ვერ მოვისმინეთ თავდაცვის მინისტრისგან რეალური განმარტება თუ რა მიზეზით მოხდა სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენა და მისი აზრით რატომ იქნება წვევამდელების სისტემა უფრო ეფექტური, ვიდრე მაღალი კვალიფიკაციის მქონე, სრულად პროფესიული არმიის ყოლა.

სწორად ასეთი გაუაზრებელი და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები ანგრევს თავდაცვის სისტემას და შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნას აფერხებს. ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს შეიარაღებული ძალები ეტაპობრივად გადადიოდა სრულად პროფესიულ სისტემაზე, რაც იყო გააზრებული ნაბიჯი და ეყრდნობოდა როგორც დეტალურ გათვლებს, ასევე საქართველოს საფრთხეებთან მიმართებაში აღნიშნული სისტემის ეფექტურობას“, – აცხადებს თამარ კეკენაძე.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, იყო თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილება უშიშროების საბჭოს ფორმატში განხილული.

“სამწუხაროა, რომ ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები არ იყვნენ მიწვეული 100 დღის ანგარიშის წარდგენაზე. იმედი მინდა გამოვთქვა, რომ თავდაცვის მინისტრს ღია და აქტიური კომუნიკაცია ექნება საზოგადოების ყველა წარმომადგენელთან ამ და სხვა ყველა მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ეხება. მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ 2013 წელს, სწორედ თავდაცვის სისტემის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა თამარ კეკენაძემ.

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღადგენს, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინათინ ხიდაშელის მიერ 27 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით გაუქმდა.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიაგენშტაბის უფროსის მოადგილის ინფორმაციით, ახალწვეულების ანაზღაურება შვიდი ლარიდან 50 ლარამდე გაიზრდება