თამარ კეკენაძე – როგორც ჩანს, პრემიერ კვირიკაშვილს უსაფრთხოების სექტორის ანა-ბანა არ ესმის

როგორც ჩანს, პრემიერ კვირიკაშვილს უსაფრთხოების სექტორის ანა-ბანა არ ესმის, – ასე აფასებს პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი თამარ კეკენაძე ხელისუფლებაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს.

მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც უშიშროების საბჭო გაუქმებულია ახალი კონსტიტუციით, კრიზისების საბჭოს დღევანდელი ცვლილებებით ექნება მხოლოდ ტექნიკური რეაგირების ფუნქცია.

”ვინ მიხედავს სტრატეგიული თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებს? ტერიტორიები დავიბრუნეთ? ჰიბრიდული საფრთხეები დავამარცხეთ, თუ რეგიონი გამოვიცვალეთ და ნატო-ში და ევროკავშირში შევედით?“, – აცხადებს თამარ კეკენაძე.

პარტიის გენერალური მდივნის განმარტებით, სამთავრობო ცვლილებებით ”ქართული ოცნება” ცდილობს შექმნას განახლების ილუზია, ქვეყანაში სრული ერთპარტიული მმართველობის დამყარების ფონზე.

”ერთი წელია, რაც ,,ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, ანუ მათ შეეძლოთ დაუბრკოლებლად განეხორციელებინათ ყველა რეფორმა, თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება, სერიოზული პრობლემებია ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, სასამართლო სრულიად პოლიტიზირებული და კონტროლირებადი გახდა. ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის არაფორმალური მმართველობა და გაურკვეველი საგარეო კურსი, საკადრო და სტრუქტურული ცვლილებებით. ეს რეალობა არ იცვლება“, – აცხადებს თამარ კეკენაძე.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ლექვინაძე – მადლობა იმ შეთავაზებისთვის, რომელიც მივიღე, თუმცა ამ ეტაპზე ვთვლი, რომ მცირე შესვენება მნიშვნელოვანია
შემდეგი სტატიაუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი