პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრი თამარ კეკენაძე „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში მათი პარტიის აკრძალვის მოთხოვნას ეხმაურება. კეკენაძის განცხადებით, მმართველი გუნდის ეს ნაბიჯი სწორედ გახარიას გუნდის ეფექტური საქმიანობისა და განსაკუთრებით ანტისაოკუპაციო მიმართულებით აქტიურობის შედეგია.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ყველაზე მეტად სწორედ საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე მოვლენებზე საუბარი აღიზიანებს:
„ასაკრძალი პარტიების სიაში ჩვენი პარტიის შეყვანა ნათლად აჩვენებს ჩვენი საქმიანობის ეფექტურობას… ვხედავთ, ყოველდღიურ რეჟიმში როგორ გრძელდება ანექსიური პროცესების დაჩქარება, განსაკუთრებით, ცხინვალის რეგიონში. როგორ დუმს „ქართული ოცნება“ და ამის პარალელურად, ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელმაც თვეების განმავლობაში… დავიწყეთ საუბარი, რომ ეს იქნებოდა რეალობა და ყველას ერთად უნდა ამოგვეღო ხმა.
რა თქმა უნდა, გვქონდა მოლოდინი, რომ ეს იქნებოდა გამაღიზიანებელი და ხელის შემშლელი ფაქტორი „ქართული ოცნებისთვის“… ვაგრძელებთ ჩვენს ძალიან გეგმურ და პრაგმატულ პოლიტიკურ საქმიანობას საქართველოს ყველა კუთხეში და ასე ვაპირებთ, მიუხედავად იმისა, რას გააკეთებს კობახიძე, ივანიშვილი და „ქართული ოცნება““, — განაცხადა თამარ კეკენაძემ.















