თამარ გაბუნია: ქვეყანაში 40-მდე კლინიკა მზადაა ცხელებიან პაციენტებს მოემსახუროს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 40-მდე კლინიკაა მობილიზებული, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, ცხელებიან პაციენტებს მოემსახუროს.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ქვეყნის მასშტაბით ჰოსპიტალების მზადება უკვე რამდენიმე თვეა დაიწყო.

„უკანასკნელ ხანებში გვქონდა პრობლემები, რომ ბევრი კლინიკა უარს ამბობდა ცხელებიანი პაციენტის მიღებაზე და ხდებოდა მათი გადამისამართება ცენტრალიზებულად კლინიკებში, თუმცა რაიონული დონის კლინიკები არიან შესაფერისად აღჭურვილი, რათა მათ უსაფრთხოდ მიიღონ, გაუწიონ საწყისი შეფასება იმ პაციენტებს, ვინც ცხელებით და რესპირატორული სიმპტომებით მიმართავს. სწორედ ამიტომ უკვე იდინტიფიცირებულია რაიონული დონის კლინიკები, ვინც გამოყოფს ცხელების ზონას, ან თუ ამის გაკეთება შეუძლებელია, განტვირთავს საავადმყოფოს სხვა პაციენტების გადანაწილების გზით, იმგვარად რომ სრულად მოემსახუროს მხოლოდ პაციენტებს ცხელებით. ასეთი არის ყველა რაიონულ ცენტრში, ჯამში გამოდის 40-მდე კლინიკა. ზოგიერთი რაიონული ცენტრის კლინიკა იმდენად პატარაა, რომ იქ ერთზე მეტი პაციენტის დაყოვნება ვერ მოხერხდება და ასეთ შემთხვევაში მაქსიმალურად შევეცდებით გადავამისამართოთ პაციენტები დროულად უახლოეს რაიონულ კლინიკებში“, – განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება დიდ კლინიკებს, მისივე თქმით, ისინი უკვე დიდი ხანია მობილიზებული არიან, რათა მართონ მხოლოდ კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტები.

„ასეთი კლინიკებიც მზადყოფნაშია და შემთხვევების რაოდენობის მატებასთან ერთად უზრუნველყოფენ სრულად მხოლოდ კორონავირუსზე გადაწყობას, იმგვარად, რომ მიიღონ პაციენტები კორონავირუსით და ჩაუტარონ მათ სამკურნალო მომსახურება, რაც ასეთ შემთვევაში იქნება საჭირო. ასეთი კლინიკები იდენტიფიცირებულია თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ანუ რეგიონულად მოცვა არის საკმაოდ კარგი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა
შემდეგი სტატიათუ ჰიპოთეზები კორონავირუსის წინააღმდეგ წითელა-წითურას და ბცჟ-ს ვაქცინის ეფექტურობაზე მართალია, ჩვენ სხვებზე დაცულები ვიქნებით-პაატა იმნაძე