თამარ გაბუნია – „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის აქტივობა მაღალია, მოთხოვნა იმატებს „ასტრაზენეკაზეც“

22 მარტიდან, მას შემდეგ რაც გაიხსნა რეგისტრაციის შესაძლებლობა 65 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის, აქტივობამ რეგისტრაციის კუთხით მნიშვნელოვნად მოიმატა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ხუთი ათასზე მეტი ადამიანია აცრილი.

„დღეის მდგომარეობით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრილია ხუთი ათასზე მეტი ადამიანი. რაც შეეხება „ფაიზერს“, რეგისტრაციისას აქტიურობა იყო ძალიან მაღალი და 14 აპრილის ჩათვლით ყველა ადგილი შეივსო, რაც ჯამში შეადგენს ათი ათასზე მეტ დოზას. „ფაიზერის“ ვაქცინის გარკვეული დოზები ბუნებრივია, კიდევ არსებობს, რადგან ჩვენ თავიდანვე გვქონდა 14 ათასზე ოდნავ მეტი ადამიანის მოცვა დაგეგმილი. აქედან გამომდინარე, 14 აპრილის შემდეგ „ფაიზერზე“ რეგისტრაცია ისევ გაგრძელდება იმ დოზების შესაბამისად, რაც ქვეყანაში არის.

რაც შეეხება „ოქსფორდის“ „ასტრაზენეკას“ ვაქცინას, თბილისში „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციაზე ამ მომენტისთვის ადგილები შევსებულია, თუმცა ხვალიდან დაემატება კიდევ ახალი კლინიკები, სადაც ადგილებიც იქნება და „ფაიზერის“ აცრის პარალელურად, გაგრძელდება „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის პროცესი. თბილისისგან განსხვავებით, რეგიონებში „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე ბევრია ადგილი და შესაძლებელია რიგის დაჯავშნაც. მეტი მოთხოვნა იყო თბილისში და ეს ამბავი დამატებითი ცენტრების მობილიზებით ხვალიდან მოგვარდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის პროცესში კამპანიისთვის მაგალითის მიცემა აუცილებელია, რის გამოც აქვთ ინიციატივა, რომ 100 ცნობილი ადამიანი საჯაროდ აიცრას.

„ვაქცინაციას აშკარად სჭირდება მეტი საკომუნიკაციო მხარდაჭერა, რათა გარკვეული ცოდნა და მხარდაჭერა ჩამოყალიბდეს. კარგია ის ფაქტი, რომ „ფაიზერის“ ვაქცინაზე ბევრია რეგისტრაცია, ასევე მოთხოვნა იმატებს „ასტრაზენეკაზეც“. გარდა იმისა, რომ ცოდნაა მნიშვნელოვანი, ასევე აუცილებელია მაგალითის მიცემა, ამიტომ ვაქცინების პოპულარიზაციისთვის და დადებითი ქცევის ხელშეწყობისთვის, ინიციატივა გვაქვს, რომ მოხდეს 100 ცნობილი ადამიანის ვაქცინაცია საჯარო სივრცეში, რათა მათ მოსახლეობას მაგალითი მისცენ და ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდონ. პარალელურად, ჩვენ მეტად აქტიურად მოვუწოდებთ ცნობად სახეებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ და საკომუნიკაციო კამპანიის აქტიური წარმოების მხარდაჭერისკენ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე კუბილიუსის განცხადებაზე – ივანიშვილისა და კრიმინალური სისტემის შემქმნელი სააკაშვილის ერთსა და იმავე ტონალობაში ხსენება, რბილად რომ ვთქვათ, შეურაცხყოფაა
შემდეგი სტატიაჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს პერიოდში „სინოფარმის“ ვაქცინას მიიღებს