თამარ გაბუნია – იზრდება დატვირთვა კლინიკებზე, ვფიქრობთ საწოლების დამატებით მობილიზებას

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს ქვეყენაში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევათა შედარებით ნაკლები რაოდენობა შაბათ-კვირას ტესტების სიმცირეს უკავშირდება.

მისივე თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება კვლავაც საყურდღებოა. როგორც გაბუნია აცხადებს, იზრდება დატვირთვა კლინიკებზე.

„გასული დღეების განმავლობაში შემთხვევათა რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა, დღეს 500-ზე ოდნავ მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც შაბათ-კვირას შედარებით ნაკლები ტესტირების შედეგია. რა თქმა უნდა, ეპიდსიტუცია რჩება საყურადღებო. იზრდება დატვირთვა კლინიკებზე. ჩვენ ამ დღეებში ვფიქრობთ საწოლების დამატებით მობილიზებას. ასევე, პირველადი ჯანდაცვის ქსელი სრულად არის ჩართული პროცესში ონლაინკლინიკების სახით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება „სინოფარმის“ ვაქცინას, როგორც გაბუნია განმარტავს, ვაქცინის დასანერგად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

„მიმდინარეობს მუშაობა, რომ „სინოფარმის“ ვაქცინის დასანერგად მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდეს ამ კვირაში და რეგისტრაცია დაიწყოს 27 აპრილიდან. „სინოფარმის“ ვაქცინა დღემდე რეგისტრირებულია 35 ქვეყანაში, ახალი შემთხვევების თავიდან აცილების თვალსაზრისით, მისი ეფექტურობა საკმარისად მაღალია, 80 პროცენტამდეა, თუმცა რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მძიმე შემთხვევებისგან დაცვისა და ლეტალობის შედეგების თავიდან აცილების მხრივ, ამ ნაწილში „სინოფარმის“ ეფექტურობა არის საკმაოდ მაღალი იმ ქვეყნებში, სადაც „სინოფარმის“ გამოყენება დაიწყო. ეს მაჩვენებლები იძლევა საკმაოდ კარგ და იმედისმომცემ შედეგებს. აქედან გამომდინარე, მიმდინარე პერიოდში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განიხილავს „სინოფარმის“ ავტორიზაციის საკითხს გადაუდებელი გამოყენებისთვის. ვფიქრობთ, აპრილის ბოლოსთვის ეს პროცესი დასრულდება და საქართველოც დაიწყებს „სინოფარმის“ გამოყენებას აქტიურად“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიდედამიწის დღესთან დაკავშირებით თბილისის მერიამ და ისრაელის საელჩომ საქართველოში გამწვანების აქცია გამართა
შემდეგი სტატიავაშაძე ზურაბიშვილს – გაქვთ შესაძლებლობა, დიდი წვლილი შეიტანოთ შეთანხმებაში და შეიწყალოთ რურუა რაც შეიძლება სწრაფად