თამარ გაბუნია : ე.წ კორონას შუქნიშნით, საქართველოში 100 ათას მოსახლეზე ინფიცირებულია 7 პირი – 10-ის ჩათვლით „მწვანე ზონად“ ითვლება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატება არ ნიშნავს სახიფათო გავრცელებას, ახალი ტალღის დაწყებას ან საგანგაშო სურათს.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, დღევანდელი მდგომარეობით, ამ ეპიდემიოლოგიურ სურათზე დაყრდნობით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ან შეზღუდვების დაწესების საფუძველი არ იკვეთება.

ამასთან, როგორც გაბუნიამ აღნიშნა, დღეს სამინისტრო უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს წარუდგენს მოდელს, ე.წ. კორონას შუქნიშანს, რომელზეც, ინფიცირებულთა არსებული მონაცემებით, ქვეყანა კვლავ მწვანე ზონაში რჩება.

„შემთხვევების ოდენობა, ბოლო პერიოდში, გაიზარდა და როგორც იცით, მათი უმრავლესობა უკავშირდება ბათუმში საკონტიდრო „დონას“ კლასტერს და მასთან დაკავშირებულ კონტაქტებს. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად ეს არის ის სახიფათო გავრცელება და რამდენად ნიშნავს ეპიდემიოლოგიურად ახალი ტალღის დაწყებას ან საგანგაშო სურათს, მხოლოდ ერთჯერადი აბსოლუტური რიცხვების შეფასებით ამის თქმის საფუძველი, რა თქმა უნდა, არ გვაქვს. სამინისტრო დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად დააკვირდება ეპიდემიოლოგიურ სურათს. ამასთან, ჩვენ დავამუშავეთ ე.წ კორონას შუქნიშანი, რომელიც ადგენს სპეციალურ მაჩვენებლებს იმისთვის, რომ ჩვენ შევაფასოთ რისკები. დღეს ქვეყანა კვლავაც რჩება მწვანე ზონაში. ეს გამოითვლება 100 ათას მოსახლეზე ინფექციის გავრცელების მაჩვენებლით. ბოლო ორი კვირის ჯამური მაჩვენებელი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არის 7-ი 100 ათას მოსახლეზე. ათის ჩათვლით ეს ითვლება რომ არის მწვანე ზონა, იმ მოდელში, რომელიც ჩვენ დღეს გვინდა საბჭოს გავუზიაროთ, ყვითელი ზონა არის 100 ათას მოსახლეზე 10-30 შემთხვევამდე, 30 შემთხვევის ზემოთ უკვე იგულისხმება წითელი ზონა.

რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანი იქნება რეგიონული ანალიზიც, ცალკე აჭარის ეპიდემიოლოგიური სურათის გაანალიზება, მაგრამ შემთხვევების ერთეული მატება, თუნდაც რამდენიმე ათეულ შემთხვევასთან გვქონდეს საქმე, ჯერ კიდევ არ არის განგაშის საფუძველი. ამას სჭირდება ჩაღმავებული ეპიდემიოლოგიური ანალიზი, რასაც ვაკეთებდით და შესაბამისი ღონისძიებები დაიგეგმება ამის შესაბამისად“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია : მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დასახელებით ნათელია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს 2012 წლამდე ვითარების დაბრუნება, „ევროპულ საქართველოს“კი, სჭირდება წინსვლა
შემდეგი სტატიაადამიანის უფლებათა ცენტრი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩაერთვება