თამარ ჩუგოშვილმა გაერო-ს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, გაერო-ს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 62-ე სესიაზე, გენერალური დისკუსიის ფარგლებში, სიტყვით მიმართა სესიის მონაწილეებს.

თამარ ჩუგოშვილმა იმ პოზიტიური ცვლილებების შესახებ ისაუბრა, რომელიც საქართველოში ადგილობრივ დონეზე ქალების გასაძლიერებლად ხორციელდება, ასევე იმ გამოწვევებზე, რომელიც ხელს უშლის ქალებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში.

გაერო-ს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 62-ე სესიაზე, რომელიც სოფლად მცხოვრებ ქალთა და გოგონათა გაძლიერებას ეძღვნებოდა, თამარ ჩუგოშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ამ საკითხში საქართველოს ინტერესს და ჩართულობას. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა გენდერული თანასწორობის კუთხით საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებზე. მიმოიხილა ქალთა პოლიტიკური ჩართულობის კუთხით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცდილება.

თამარ ჩუგოშვილმა ხაზი გაუსვა 2017 წელს ქვეყანაში განხორციელებულ მნიშვნელოვან ღონისძიებებს ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. მან აღნიშნა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა პირდაპირ კავშირშია ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასთან, შრომის უფლებებთან და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე წვდომასთან. მან ასევე ისაუბრა საქართველოს მიერ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების მნიშვნელობაზე, რასაც, თავის მხრივ, ცვლილებები მოჰყვა 20-ზე მეტ კანონპროექტში. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კომისიას კიდევ ერთხელ ამცნო საქართველოს ინტერესი და ჩართულობა სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერებაზე და მიმოიხილა ქვეყანაში ამ კუთხით გატარებული ღონისძიებები.

გამოსვლის ბოლოს, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ სოფლად მცხოვრებ ქალთა და გოგონათა რეალური გაძლიერება გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალების არსებობით ხდება, რასაც მოჰყვა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში სავალდებულო გენდერული კვოტების მექანიზმის შემოღების განხილვა.

​ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
შემდეგი სტატიამარია ზახაროვა : 2008 წლის ფაქტს აგრესიას უწოდებდნენ, ახლა – უპატივცემულობას, რადგან ხომ დამტკიცდა, რომ აგრესია სააკაშვილმა დაიწყო