თამარ ჩუგოშვილმა და თამარ ხულორდავამ ვაშინგტონში წარმატებული ვიზიტი ბრიფინგზე შეაჯამეს

news
ავტ.: news თებერვალი 11, 2017 14:58

თამარ ჩუგოშვილმა და თამარ ხულორდავამ ვაშინგტონში წარმატებული ვიზიტი ბრიფინგზე შეაჯამეს

თამარ ჩუგოშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, ვაშინგტონში, 6-8 თებერვალს გამართული სამუშაო ვიზიტის შეფასებისას განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო და კონგრესის არჩევნების შემდგომ მოკლე პერიოდში საქართველოს დელეგაციების მიერ გამართული შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია და ადასტურებს შეერთებულ შტატების დაინტერესებას საქართველოს მიმართ:

„როგორც იცით, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო და ასევე, კონგრესის არჩევნების შემდგომ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები გამართოს ახალ ადმინისტრაციასთან და ამ პირობებში საქართველოს მიეცა შესაძლებლობა ყოფილიყო ერთ-ერთი პირველი, ვისთანაც გაიმართებოდა ამ რანგის შეხვედრები, რაც თავისთავად აღნიშნავს იმას, რომ ამერიკის დაინტერესება ჩვენი ქვეყნის მიმართ და ახალი ადმინისტრაციის დაინტერესება ჩვენი ქვეყნის მიმართ არის ძალიან მაღალი. ამ ფაქტს თავისთავად აქვს დიდი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, საპარლამენტო დელეგაციამ სამი დღის განმავლობაში ოცდაათამდე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა კანგრესმენეთან, სენატორებთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ბრიჯიტ ბრინკსთან, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED) ხელმძღვანელებთან. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„რამდენიმე დღის წინ დასრულდა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა ვაშინგტონში საგარეო საქმეთა მინისტრმა. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჩვენ შესაძლებელობა გვქონდა გაგვემართა ოცდაათზე მეტი შეხვედრა, აქედან უმრავლესობა კონგრესმენებთან და სენატორებთან, მათ შორის ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენელებთან.

თავისთავად ის ფაქტი, რომ სამი დღის განმავლობაში მოგვეცა შესაძლებლობა, რომ დაახლოებით ოცდაათ წარმომადგენელს შევხვედროდით არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სულ რამდენიმე დღის დანიშნულმა სახელმწიფო მდივანმა, ტილერსონმა შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და ამ სტრატეგიულ პარტნიორობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა როგორც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, ასევე, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების კუთხით. მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება.

„ქვეყნის განვითარების ყველა ეტაპზე ამერიკის შეერთებულ შტატები წარმოადგენს ჩვენ მთავარ მეგობარს, მთავარ პარტნიორს და დარწმუნებულ ვარ, რომ ჩვენი მომავალი წლების განმავლობაში ამ ადმინისტრაციასთან გვექნება შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მჭიდრო, კიდევ უფრო ახლო ურთიერთობები დავამყაროთ და საქართველოს მომავალ განვითარებაში შეერთებულ შტატებს ექნება კიდე უფრო დიდი როლი და დიდი წვლილი ვიდრე აქამდე ყოფილა“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის შეფასებები და გზავნილები, რომელიც შეხვედრების ფარგლებში გახმოვანდა არის იმის დასტური, რომ „ჩვენს ქვეყანას ორპარტიული მხარდაჭერა გააჩნია აშშ-ს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან“.

ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, რა გავლენა შეიძლება იქონიას აშშ-ში რუსეთთან დაკავშირებით გაკეთებულმა განაცხადებებმა თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ რა განცხადებაც არ უნდა გაკეთდეს აშშ-ში რუსეთთან მიმართებით, არავითარ შემთხვევაში ეს არ მოახდებს ნეგატიურ გავლენას საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებზე და თუ რაიმე შეიცვლება, ეს იქნება კიდევ უფრო დაახლოების, დამეგობრების და საქართველოს მხარდაჭერის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.

„საქართველოს ტეროტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა არის ცალსახა, არის ორპარტიული და არ ექვემდებარება გადახედვას არავითარ შემთხვევაში. ეს არის ძალიან ნათელი გზავნილი, რომელიც ჩვენ მივიღეთ“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატებში ვიზიტისას, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ მიიღო გარანტიები, რომ სენატი საქართველოს მხარდამჭერი განცხადების გაკეთებას აპირებს, ისევე როგორც ეს გასულ წელს კონგრესმა გააკეთა:

„შეგახსენებთ, რომ სექტემბერში, 2016 წლის აშშ-ის კონგრესმა მიიღო ორპარტიული რეზოლუცია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი. ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია გახლდათ ეს, რომელიც ორპარტიული მხარდაჭერით იქნა მიღებული. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი და ის კონგრესმენები და სენატორები ვისაც ჩვენ ვხვდებოდით აფიქსირებდნენ, რომ ეს მხარდაჭერა კვლავაც ძალაშია. უფრო მეტიც, ჩვენ მივიღეთ, ასევე, წინადადებები და ასე ვთქვათ გარანტიები, იმასთან დაკავშირებით, რომ სენატიც აპირებს ასეთი ტიპის მხარდამჭერი განცხადების გაკეთებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ“,-აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში გამართულ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებისას, კონგრესმენებმაც და სენატორებმაც საპარლამენტო დელეგაციას დაუდასტურეს მხარდაჭერა. „ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს აქვს მყარი მხარდაჭერა. საქართველოს ყავს მეგობრები და ამას აფიქსირებდა ყველა ვისთანაც ჩვენ გავმართეთ შეხვედრები. ჩვენი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში არის ორპარტიული“,-აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით ყველა შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა. „ეს გამოიხატება არა მხოლოდ იმაში, რომ ძალიან მადლიერია ამერიკის შეერთებული შტატები იმ წვლილის გამო, რომელიც საქართველოს შეაქვს გლობალური უსაფრთხოების საკითხებში, არამედ საქართველო განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორი რეგიონში, როგორც საუკეთესო მაგალითი რეგიონში დემოკრატიული განვითარების კუთხით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, საერთო ღირებულებების პატივისცემის კუთხით და რაც მთავარია და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, ეკონომიკური განვითარების კუთხით“,-აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განაცხადებით აშშ-ში ვიზიტის დროს საპარლამენტო დელეგაციამ მიიღო ძალიან ბევრი პოზიტიური გზავნილი. „ გვაქვს ყველა საშუალება იმისათვის, რომ ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ახალი ადმინისტრაციის პირობებში იყოს კიდევ უფრო ყოვლისმომცველი, კიდევ უფრო ახლო ვიდრე ის ოდესმე ყოფილა“,-აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

news
ავტ.: news თებერვალი 11, 2017 14:58

Google სტატისტიკა


3,801
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics