თამარ ჩუგოშვილი – ვენეციის კომისიის დასკვნით დადებითადაა შეფასებული ყველა საკითხი, რის გამოც ოპოზიცია გვაკრიტიკებდა

ვენეციის კომისიის დასკვნით დადებითადაა შეფასებული ყველა საკითხი, რის გამოც ოპოზიცია და არამხოლოდ, მთელი წელი გვაკრიტიკებდა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებისას განაცხადა. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება უმნიშვნელოვანეს რეფორმას ატარებს, რომლის შედეგადაც საქართველო ასრულებს საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადასვლის პროცესს.

„ამ რეფორმით ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც არ გააკეთა არც ერთმა ხელისუფლებამ და არ გააკეთებდა არც მომავალში – ფუნდამენტურად ვცვლით პოლიტიკურ სისტემას და საფუძველს ვუყრით ჯანსაღი და კონკურენტული პოლიტიკის ჩამოყალიბებას, რაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობის გარანტიაა. ვენეციის კომისია მიესალმება პრეზიდენტის არჩევის წესსა და უფლებამოსილებებს, უშიშროების საბჭოს გაუქმებას, პარლამენტის არჩევის სისტემის შეცვლას და სხვა მრავალ ცვლილებას. დასკვნაში განსაკუთრებით ხაზგასმულია მმართველი პარტიის მიერ ბოლოს გაკეთებული შეთავაზება, რომლის თანახმადას 2024 წლიდან ქვეყანა სრულად პროპორციული წესით აირჩევს პარლამენტს, ხოლო 2020 წელს არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეეძლება საარჩევნო ბლოკებსაც და საარჩევნო ბარიერი იქნება 3%. კომისია აღნიშნავს, რომ ეს შეთავაზება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ხელისუფლების მხრიდან კონსენსუსის მიღწევის გზაზე. ვენეციის კომისიის დასკვნით დადებითადაა შეფასებული ყველა საკითხი, რომელთა გამო ოპოზიცია და არამხოლოდ, მთელი წელი გვაკრიტიკებდა. ყველა ეს საკითხი შეფასდა, როგორც ქვეყნის სამომავლო განვითარებისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშიწაღვერის ტყეში ისევ ხანძარს ებრძვიან – ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – წლევანდელი წელი საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წელია