თამარ ჩუგოშვილი – სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიებას „ტვ პირველის“ მაუწყებლობაზე გავლენა არ ექნება

region
ავტ.: region აგვისტო 24, 2019 13:39

თამარ ჩუგოშვილი – სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიებას „ტვ პირველის“ მაუწყებლობაზე გავლენა არ ექნება

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელისთვის მამუკა ხაზარაძე-ბადრი ჯაფარიძის საქმის ფარგლებში ბრალის წარდგენას „ტვ პირველის“ საქმიანობაზე გავლენა არ ექნება.

„ჩემი პირადი მოლოდინი არის და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი ჩარევა, ხელის შეშლა, გავლენა ტელევიზიის მაუწყებლობაზე არ იქნება და ვერ იქნება.

რაც შეეხება საქმეს, როგორც ვიცი, ეს არის დაკავშირებული ე.წ. „თიბისის“ საქმის გამოძიებასთან და გარკვეულ ფინანსურ ოპერაციებთან, რომელიც გამოძიებამ მიიჩნია უკანონოდ და ყველამ ვიცით და ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმე. საკმაოდ დეტალებში მიჰყვება საზოგადოება ამ საქმის განვითარებას და შესაბამისად, ინფორმაციის დანაკლისი არ არის. ტელევიზიას ამას არ დავუკავშირებდი, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი შეფერხება და ხელის შეშლა ტელევიზიის საქმიანობაზე ამას არ უნდა ჰქონდეს“, – აღნიშნავს ჩუგოშვილი.

კითხვაზე, შეუქმნის თუ არა პროკურატურის დაინტერესება ხელს ანაკლიის პორტის მშენებლობას, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყება ვალდებულია, გამოძიება აწარმოოს ნებისმიერ ინფორმაციაზე, რომელიც შეიძლება, პოტენციურად შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს.

რაც შეეხება ანაკლიის პორტის პროექტს, დეპუტატის თქმით, საკითხთან დაკავშირებით პარლამენტი მთავრობასთან მუდმივ კოორდინაციაშია.

„მთავრობასთან მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია იმაზე, თუ რას აკეთებს, რომ პორტის მშენებლობის პროცესს ხელი შეუწყოს იმ პირობებში, როდესაც ამ საქმემ და გამოძიებამ გაართულა პორტთან დაკავშირებული პროცესები. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია და რამდენადაც რწმუნებას ვიღებთ ხელისუფლებისგან, ყველანაირად არის მცდელობები, რომ პორტის, როგორც სტრატეგიული ობიექტის მშენებლობა წარიმართოს, წინ წავიდეს და სახელმწიფოს ხელშეწყობა იყოს მაქსიმალური. კონსორციუმს ბევრჯერ დასჭირდა სახელმწიფოს მხარდაჭერა, ბევრჯერ ვერ გაუმკლავდა სხვადასხვა მოთხოვნას, რომელიც იყო ჩადებული. მათ სასარგებლოდ არაერთხელ მოხდა კონტრაქტის შეცვლა, რომ ხელი არ შეშლოდათ და პირიქით, დახმარება ყოფილიყო სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ თუ ჩავიხედავთ დოკუმენტში, ჯერჯერობით, ეს ცვლილებები ყოველთვის ემსახურებოდა არა ხელისუფლების, არამედ კონსორციუმის ინტერესს. პრინციპში ეს საერთო ინტერესია. აქამდე ასე მიდიოდა პროცესი და დარწმუნებული ვარ, მთავრობა მომართულია ისე, რომ პორტის მშენებლობა არ შეჩერდეს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

region
ავტ.: region აგვისტო 24, 2019 13:39

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,410
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics