თამარ ჩუგოშვილი – საზოგადოებას სხვანაირი პარლამენტი სჭირდება

საზოგადოებას სხვანაირი პარლამენტი სჭირდება და უახლოეს პერიოდში დარწმუნდება, რომ პარლამენტი სხვანაირია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

ჩუგოშვილის თქმით, პარლამენტისგან უნდა ველოდოთ სრულიად განსხვავებულს იმისგან, რასაც მიჩვეული ვართ.

„ძალიან დიდი დოზით უნდა ველოდოთ იმას, რომ საზოგადოებისთვის პრობლემურ და მტკივნეულ საკითხზე საუბარი იქნება იმ ადამიანებთან, ვინც ამაზე პასუხისმგებელნი არიან, ანუ, მინისტრებთან. პირველი კვირა არის, როცა ახალი რეგლამენტის ამოქმედება სრულად გვიწევს. ამ კვირაში გვექნება ორი მინისტრის მოსმენა. ორივესთან ალბათ მწვავე საკითხები, მაგრამ ძალიან საქმიანი განხილვები იქნება.

ეს მოხდება მუდმივმოქმედ რეჟიმში, ეს გახდება ჩვენი რუტინული, ყოველდღიური სამუშაო პროცესი და ის, რაც საქართველოს პარლამენტს არ ჰქონია არასდროს, ქცეულიყო მთავარი განხილვის ადგილი პოლიტიკური პროცესისთვის, ყოფილიყო მთავარი წამყვანი სხვადასხვა მოვლენებისა ქვეყანაში. ამის მომსწრე მომავალი წლების განმავლობაში გავხდებით. ბევრი მაქვს ნამუშევარი იმისთვის, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. უახლოეს პერიოდში საზოგადოება დარწმუნდება, რომ პარლამენტი სხვანაირია, რადგან სხვანაირი პარლამენტი სჭირდება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დღეს მეცხრე მოწვევის საქართველოს პარლამენტის 2019 წლის საგაზაფხულო სესიამ დაიწყო მუშაობა. საკონსტიტუციო ცვლილებებისა და პარლამენტის ახალი რეგლამენტის საფუძველზე, პარლამენტის პლენარული სხდომა თბილისში მდებარე სასახლეში იმართება. სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სიტყვით წარდგა, რაც ახალი რეგლამენტით პირველად მოხდა და როგორც პარლამენტში აცხადებენ, მკვიდრდება ახალი ტრადიცია საპარლამენტო ცხოვრებაში, ახალი კონსტიტუციითა და რეგლამენტით ახალ ეტაპზე გადადის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლობა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი ჩინელ ხალხს ახალ წელს ულოცავს
შემდეგი სტატია“სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინება” – გოცირიძე პარლამენტის თბილისში გადმოტანასა და პრეზიდენტის სასახლის ათენელზე განთავსებაზე