თამარ ჩუგოშვილი – საქართველოს მოსახლეობას მოუწევს მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება და ვფიქრობ, ეს არჩევანი იქნება სწორი

წინ გველოდება არჩევნების ძალიან მნიშვნელოვანი მეორე ტური. ამ არჩევნებში საქართველოს მოსახლეობას მოუწევს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება და ვფიქრობ, ეს არჩევანი იქნება სწორი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, არჩევნების მეორე ტური წარიმართოს ისეთივე მშვიდობიან ვითარებაში, როგორც პირველი ტური ჩატარდა.

„გამართული საარჩევნო პროცესი – ეს არის მთავარი ამოცანა. მეორე, უკვე ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ და ნათლად შეაფასოს, რას ნიშნავს ამ ორი კანდიდატიდან ერთის ან მეორის მხარდაჭერა და რა შედეგები შეიძლება ამ ყველაფერს მოჰყვეს ოპონენტების მხრიდან, მათი წარსულიდან გამომდინარე. იმ აგრესიული რიტორიკიდან გამომდინარე, რასაც ამ თვეების განმავლობაში ვისმენდით, წარმოგვიდგენია, დაახლოებით, რასაც უნდა ველოდეთ. ვფიქრობ, ასეთი რამ ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება. ჩვენს ქვეყანას სჭირდება მშვიდი, წყნარი განვითარება და მაქსიმალურად სტაბილური გარემო. ჩემი აზრით, მოსახლეობასაც ეს სჭირდება“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ ვინმე რამე დესტაბილიზაციას შეიტანს ქვეყანაში. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, არჩევნების პირველმა ტურმა საკმაო დაძაბულობა და აგრესიის მაღალი ხარისხი შეიტანა საზოგადოებაში, რომელიც, მისივე შეფასებით, ქვეყნისთვის და ყველა მიმდინარე პროცესისთვის დამაზიანებელია.

„ამიტომ ყველამ ერთად უნდა ვცადოთ, რომ ამ აგრესიის გარეშე განვაგრძოთ პროცესი. არანაირი აგრესია ჩვენი მიზანი არ არის და ვერც იქნება. პირიქით, პირველმა ტურმა აჩვენა ჩვენი დამოკიდებულება არჩევნების მიმართ. ჩვენი დამოკიდებულება არის ის, რომ ყველამ პატივი უნდა ვცეთ ამომრჩევლის ნებას. ძალადობის ადგილი არ არის ჩვენს საზოგადოებაში“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

მისივე შეფასებით, ის არჩევანი, რაც პირველ ტურში დადგა, უფრო მეტად იყო საზოგადოების მხრიდან უკმაყოფილების დაფიქსირება სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით.

„საზოგადოების მხრიდან ეს იყო ხელისუფლების გამოფხიზლების და ხელისუფლების ყურადღების მიპყრობის მცდელობა ისეთი თემების მიმართ, რომელიც იმსახურებს ყურადღებას. რადგან პასუხისმგებლობა გვაკისრია ამ ქვეყნის მართვის, ჩვენი საერთო ამოცანაა, ამ ყველაფერს მოვეკიდოთ ყურადღებით, გავიგოთ, შევისმინოთ და შემდგომ უკვე ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად. ეს გუნდში არის სრულიად გაცნობიერებული. მეორე ტურს გადავივლით მშვიდად“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, პირველ ტურში სრულიად სხვა მოცემულობა იყო.

„25 კანდიდატს შორის ნაწილდებოდა საარჩევნო ხმები. ახლა არჩევანი დგას უკვე სხვანაირად – „ნაციონალური მოძრაობა“ თუ „ქართული ოცნება“. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა გააკეთებს სწორ არჩევანს“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, ამ დღეების განმავლობაში მან მოქალაქეების მხრიდან უამრავი გზავნილი მიიღო, რომელშიც გამოკვეთილია რამდენიმე საკითხი, რაც ადამიანებს აწუხებთ.

„ზოგიერთი უკავშირდება მართვის ეფექტიანობას ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე, ზოგიერთი – კორუფციასთან ბრძოლის არაეფექტიანობას. ბევრი საკითხია, რომელზეც ადამიანები მკაფიოდ და ნათლად საუბრობენ. ყველა ამ საკითხს სათანადო ყურადღება სჭირდება. ვაცნობიერებთ, რომ ქმედითი, სწორი ნაბიჯების გადადგმა ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება დესტაბილიზაცია, ქაოსი, დაპირისპირება, პირიქით – სჭირდება სიმშვიდე და სტაბილური წინსვლა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშირატიანი “ოცნებას”: ყოველთვის, როცა აგებდით და თავს სუსტად გრძნობდით, ძალადობდით
შემდეგი სტატიაკახა კალაძის განცხადება სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური მკვლელობის ტოლფასია