თამარ ჩუგოშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა იმაშია, რომ მათი სურვილები საზოგადოების სურვილებს სერიოზულად არის აცდენილი

საქართველოს და ჩვენს მოსახლეობას სჭირდება სიმშვიდე, სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლების გეგმები გუშინ საკმაოდ კარგად გამოჩნდა, ისინი საუბრობდნენ, რომ მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა არჩევნების შედეგებს, მათთვის მთავარი იყო ადუღება ჯერ ზუგდიდში, შემდგომ აჭარის, შემდგომ კი მთელი საქართველოსი.

„როგორც ჩანს, ეს არის მათი გეგმა. მათი პრობლემა არის იმაში, რომ მათი სურვილები და საზოგადოების სურვილები ძალიან სერიოზულადაა ერთმანეთს აცდენილი. საქართველოს და ჩვენს მოსახლეობას სჭირდება სიმშვიდე, სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება. ცვლილებები დემოკრატიულ გარემოში ხდება არჩევნების გზით და მათ არ აქვთ ისეთი მხარდაჭერა, რომ ასეთი ცვლილებები მოახდინონ. ამ ფონზე მსჯელობა, ხელოვნური დაძაბულობების შექმნის, ჩვენ გუშინაც ვიხილეთ, მაგრამ ეს მცდელობები სრული კრახით დასრულდა და ასეთივე კრახით დასრულდება მომავალშიც მსგავსი გამოხდომები. რაც არ უნდა იყოს მათი გეგმა, ჩვენს ქვეყანას აქვს ერთადერთი განვითარების გზა და ეს არის კანონისმიერი ცვლილებები, კანონისმიერი პროცესების წარმართვა და დემოკრატიული პროცესები. ეს არის ერთადერთი გზა და ფორმა, რითაც შეიძლება გარკვეული ცვლილებები ქვეყანაში მოხდეს. მათ ეს გზა არ აწყობთ, რადგან სათანადო მხარდაჭერა ასეთი ცვლილებებისთვის არ აქვთ, ხოლო რა გზაც მათ აწყობთ, ასეთ გზას არ დაუშვებს არც ხელისუფლება და არც ქართველი ამომრჩეველი“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, რაც ჩვენ ქვეყანას სჭირდება არის სტაბილურობა, სიმშვიდე და არა ქაოსი და არეულობა, რასაც ოპოზიცია სთავაზობს ქვეყანას და ქართულ საზოგადოებას.

„მუდმივი ასეთი მუქარები სულ ისმის ყველა არჩევნების წინ, არჩევნების მერე და ვხედავთ, რომ არაფრით არ დასრულებულა. როგორც ჩანს, ამას ხვდება მათ შორის, გაერთიანებულ ოპოზიციაში და „ნაციონალურ მოძრაობაში“ რამდენიმე ადამიანი. გუშინ ვიხილეთ ჩვენ ასეთი განცხადებები მათივე წარმომადგენლებისგან. როგორც ჩანს, იქაც არიან ადამიანები, რომლებიც აცნობიერებენ, რომ აღარ შეიძლება რევოლუციაზე, გადატრიალებაზე და „ადუღებაზე“ საუბარი, რადგან ქვეყანა წავიდა წინ და ამას როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებს მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა

banner
წინა სტატიაშირაგბიში აფხაზეთის ღია პირველობა დასრულდა
შემდეგი სტატია51-ე სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო