თამარ ჩუგოშვილი : იმედი მაქვს, მმართველი გუნდი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის მოქმედების ვადას ექვსი თვით არ გააგრძელებს

admin
ავტ.: admin ივლისი 9, 2020 13:42

თამარ ჩუგოშვილი : იმედი მაქვს, მმართველი გუნდი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის მოქმედების ვადას ექვსი თვით არ გააგრძელებს

დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მმართველი გუნდი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის მოქმედების ვადას ექვსი თვით არ გააგრძელებს, რადგან ეს არაკონსტიტუციური მოქმედება იქნება.

როგორც ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნასთან დაკავშირებით განუცხადა, პარლამენტს არანაირი როლი არ ჰქონია შეზღუდვების დაწესება-მოხსნაში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საკანონმდებლო ორგანომ ცუდი კანონი მიიღო.

„პარლამენტმა მთავრობას ფუნქცია გადაულოცა და თქვა, რომ მთავრობას შეუძლია, ერთპიროვნულად განსაზღვროს, რა შეზღუდვები იქნება ქვეყანაში დაწესებული ისე, რომ ამაზე ფაქტობრივად, საპარლამენტო კონტროლი არ გავრცელდება. კანონი უნდა გაუქმდეს 15 ივლისს, რადგან ეს ნორმა 15 ივლისამდე მოქმედებს. რეალურად, სამწუხაროდ, საკანონმდებლო ორგანო იმის შეფასებას არ აკეთებს, ეს შეზღუდვები ადეკვატურია, პროპორციულია და თუ არაპროპორციული შექმნილი ვითარების. ინსტიტუციურად არასწორად განაწილდა ის ფუნქციები იმ კანონის მიხედვით, რომელსაც 15 ივლისს ვადა ეწურება. სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია კანონის ვადის გაგრძელებას ექვსი თვით ცდილობს და იმედია, ამას არ იზამენ, რადგან არაკონსტიტუციური მოქმედება იქნება”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

პარლამენტში ინიცირებულია „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტი, რომლითაც ამ კანონის მოქმედების ვადა შესაძლოა, 2020 წლის 15 ივლისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდეს. პარლამენტმა აღნიშნული კანონი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, მიმდინარე წლის მაისში მიიღო და განსაზღვრა კონკრეტული ღონისძიებები, რომელთა მოქმედების ვადად 2020 წლის 15 ივლისი განისაზღვრა.

admin
ავტ.: admin ივლისი 9, 2020 13:42