თამარ ჩუგოშვილი – ეკა ბესელიასადმი განცხადებები, სოლიდარობა ყველა ფორმით და საჯაროდ გაკეთდა და პროკურორები არ ვართ, ადამიანები ციხეში ჩავსვათ

ეკა ბესელიასადმი განცხადებები, სოლიდარობა ყველა ფორმით და საჯაროდ გაკეთდა და პროკურორები არ ვართ, ადამიანები ციხეში ჩავსვათ, – ასე გამოეხმაურა ბესელიას მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი.

ჩუგოშვილი აღნიშნავს, რომ როცა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება დაიწყო გენდერულმა საბჭომ განცხადება გააკეთა.

„როცა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება დაიწყო, განცხადება გენდერულმა საბჭომაც გააკეთა და მეც. თუ ადამიანები განცხადებებს არ ეცნობიან, მაშინ ეს სხვა პრობლემაა. მაია ცქიტიშვილთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია მედიით დავაფიქსირე. თუ პოზიცია სურთ, ეს პოზიცია დაფიქსირებულია, თუ არ უნდათ, სხვა თემაა. ვეღარ ვხვდები, ზუსტად ამოცანა რა არის. როცა საბჭოს სხდომა ჩატარდება, ერთ-ერთი საკითხი ეკა ბესელიასა და კადრების საკითხი იქნება. კიდევ ერთხელ განვიხილავთ, თუ ამისი სურვილი აქვს. დანარჩენი – განცხადებები, მის მიმართ სოლიდარობა ყველა ფორმით და საჯაროდ გაკეთდა.

დანარჩენი, არც პროკურორები ვართ და არც მოსამართლეები. ადამიანს ვერც პასუხისგებაში მივცემთ და ვერც ციხეში ჩავსვამთ. შეგვიძლია, ჩვენი აზრი ვთქვათ და პოზიცია დავაფიქსიროთ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ გენდერული საბჭოს საქმიანობა დღეს გააკრიტიკა. „გენდერული საბჭო ჩემს ბოლო ინციდენტზე ვერ თანხმდება, რომ განცხადება გაავრცელოს, ეს უნდა იყოს დამგმობი თუ სოლიდარული. პრობლემაა ხედვისა და აღქმისა იმ საკითხების, რაც აზრთა სხვადასხვაობას არ უნდა იწვევდეს. სამწუხაროა, რომ ეს გენდერულ საბჭოს ეხება, რომელსაც ქალი ხელმძღვანელობს. გენდერული საბჭო განცხადების ტექსტს კონფიდენციალურად იხილავდა, აღმოჩნდა, რომ ჩემთან მოვიდა განცხადების პროექტი, რომელსაც თურმე, ვიღაცები არ ეთანხმებიან. ეს ეხება ვანო ზარდიაშვილთან ინციდენტს. ვინ არ ეთანხმება და სად იხილება განცხადება, როგორც საბჭოს წევრმა არ ვიცი, რაც ცუდი ფორმაა, რადგან თუ საბჭოს წევრი ვარ, უნდა ვიცოდე, რა იხილება. განცხადების პროექტი ვერ გამოქვეყნდა, თურმე, განსხვავებული პოზიციები არსებობს“, – განაცხადა დღეს ბესელიამ.

banner
წინა სტატიაში2019 წლის ხუთ თვეში ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე 110 მშობელს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა
შემდეგი სტატიაკახა კუკავა – უნდა დადგინდეს, „ქართული ოცნების“ დეპუტატების ნათესავებს წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ქონება პროკურატურამ რა ნიშნით დაუბრუნა და დანარჩენებს უარს ეუბნება