თამარ ჩუგოშვილი – არ ვფიქრობ, რომ უგულავას საქმეზე ევროპელი ექსპერტების დასკვნა ხელისუფლებისთვის სახარბიელო იქნება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 13, 2020 14:59

თამარ ჩუგოშვილი – არ ვფიქრობ, რომ უგულავას საქმეზე ევროპელი ექსპერტების დასკვნა ხელისუფლებისთვის სახარბიელო იქნება

დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ხელისუფლება გიგი უგულავას საქმეზე ევროპარლამენტის ფაქტების შემსწავლელი მისიის დასკვნისგან დიდად სახარბიელოს არ უნდა ელოდოს, არ სამართლებრივი და არც პოლიტიკური თვალსაზრისით.

როგორც ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა განუცხადა, საქართველოში მისიის ჩამოსვლის საწინააღმდეგო არაფერი აქვს.

„შეგვიძლია, ევროპელი ექსპერტები მოვიწვიოთ და საქმის მასალებს შევახედოთ, მაგრამ არ მგონია, რომ ამ ექსპერტების დასკვნა სახარბიელო იქნება ხელისუფლებისთვის. ეს ექსპერტები რას აღმოაჩენენ – აღმოაჩენენ, რომ ადამიანი, რომელმაც პროკურატურიდან სასამართლოს მიმართა და უგულავასთვის დამატებითი სასჯელი მოითხოვა, შემდეგ აღნიშნულ საქმეს მოსამართლის მანტიით დახვდა და დაცვის მხარის არგუმენტებს არც მოუსმინა, ისე დაუმატა სასჯელი. ამ სახის სასჯელებზე სტრასბურგის გადაწყვეტილება უკვე არსებობს და ეს არის ცნობილი, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა. დარწმუნდებიან იმაში, რომ ეს ყველაფერი მოხდა პოლიტიკურად ძალიან ცხელ, დაძაბულ, მძიმე ფონზე. ხელისუფლება ამ დასკვნაში დიდად სახარბიელოს არ უნდა ელოდოს, არ სამართლებრივად და არც პოლიტიკურად. მათ ადგილზე დავფიქრდებოდი, რამდენად აწყობთ ასეთი მისია. შეიძლება, მხოლოდ გაამყაროს ის წუხილები და შიშები, რაც უკვე ყველამ გამოხატა“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტს შესთავაზა, თბილისის ყოფილი მერის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში მისია გამოგზავნოს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაწერა, რომელიც პარტიის აღმასრულებელ მდივან, დეპუტატ ირაკლი კობახიძესთან ერთად სტრასბურგში იმყოფება.

მოგვიანებით, „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მხარს უჭერს ინიციატივას, რომ გიგი უგულავას საქმის შემდგომი გამოძიების მიზნით, საქართველოში გაიგზავნება ევროპარლამენტის მთავარი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელ პარლამენტართაგან შემდგარი ფაქტების შემსწავლელი მისია.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 13, 2020 14:59

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,627
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics