თამარ ჩუგოშვილი – ადა მარშანიამ ის გააკეთოს, რასაც საჭიროდ ჩათვლის

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ გაუჭირდება „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ადა მარშანიას დღევანდელ განცხადებაზე პასუხი.

ადა მარშანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს განაცხადა, რომ თამარ ჩუგოშვილს პარლამენტის ეთიკის საბჭოში უჩივის.

ჩუგოშვილის განცხადებით, ადა მარშანიამ ის უნდა გააკეთოს, რასაც საჭიროდ ჩათვლის.

„არ ვიცი, სერიოზულად როგორ ვუპასუხო ადა მარშანიას განცხადებას. რაც შეეხება გუშინდელს, ეს რატომღაც რაღაც წრეებში პატრიარქის გამონათქვამს დაუკავშირეს და საერთოდ არ ვიცი, ამასთან რა კავშირშია. გუშინ მოვიქეცი ისე, როგორც მოიქცეოდა ნებისმიერი სხვა. ერთადერთი, რაც გავაკეთე, ეს იყო მოწოდება კანონის მოთხოვნების დაცვისკენ, რა გაუკვირდათ ინიციატორს ან „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებს, არ ვიცი. არ ვიცი, სად რას აპირებს ადა მარშანია. რასაც საჭიროდ ჩათვლის, ის გააკეთოს. ეთიკის საბჭო ჯერ არ არის დაკომპლექტებული და ძალიან კარგია, დაკომპლექტდება და დავტესტავთ როგორ მუშაობს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილსა და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ ადა მარშანიას შორის ანტიდისკრიმინაციული კანონპროეექტის განხილვას გუშინ სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. სხდომაზე ცვლილებები ემზარ კვიციანმა წარადგინა, რომელიც კანონიდან ტერმინების „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღებას ითხოვდა. ცვლილებებს თამარ ჩუგოშვილმა დისკრიმინაციული უწოდა, რასაც ადა მარშანია გამოეხმაურა: „შთაბეჭდილება მექმნება, რომ თქვენ ფასეულობები გამრუდებული გაქვთ; თქვენ კლასიკური აგენტი ხართ, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დაღუპა“.

პარლამენტში ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის ემზარ კვიციანის მიერ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებები დღეს ჩავარდა. მხარი 27 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ – 13 წავიდა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის დაფინანსებით შსს-ს საექსპერტო- კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი აღჭურვილობა გადაეცა
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი – „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით კითხვები არ მაქვს