თამარ ჩხეიძე: „რუსეთს და „ოცნებას“ უნდათ, რომ დასავლეთი და ოპოზიცია ლგბტ თემასთან იყოს გაიგივებული“

5-6 ივლისს თბილისში მოწყობილ პუტინისტურ „პოგრომებზე“, ამასთან ხელისუფლების კავშირზე და მის მიზნებზე „თაიმერს“ ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩხეიძე ესაუბრება.
თამარ ჩხეიძე: ის რაც 5 ივლისს მოხდა, იყო წინასწარ დაგეგმილი სპეც-ოპერაცია, რომელიც კარგად ჩაატარა ხელისუფლებამ. ამ სპეცოპერაციის ჩატარების საბაბად ლგბტ თემის დაგეგმილი აქტიურობა გამოიყენეს. „ქართულ ოცნებას“ სურდა გასწორებოდა ჟურნალისტებს, გასწორებოდა ოპოზიციურად განწყობილ ჯგუფებს. უნდოდათ დაერბიათ პარლამენტის წინ მდებარე კარვები, რაც პროტესტის კერას წარმოადგენდა. ყველაფერთან ერთად ხელისუფლებას ძალის დემონსტრირება სურდა. ამას პირდაპირ ვერანაირად ვერ გააკეთებდნენ. ამიტომ შემოიტანეს ლგბტ-ს თემა.
„თაიმერი“: თქვენი აზრით, ამ პრაიდის უკანაც ხელისუფლება იდგა?
თამარ ჩხეიძე: ვერ გეტყვით ეს პრაიდი ცალკე იყო ორგანიზებული, თუ ერთიანი გეგმის ნაწილს წარმოადგენდა. ფაქტი ისაა რომ ეს თემა ხელისუფლებამ გამოიყენა სპეცოპერაციის ჩასატარებლად.
ისინი ვინც ადამიანებს თავს ესხმოდნენ, გულწრფელი ჰომოფობები არ ყოფილან. ისინი არიან ჩვეულებრივი ზონდერები. ხელისუფლება ამ ზონდერებს ყოველთვის იყენებდა. ახლა უფრო ნათლად გამოიკვეთა, რომ ამის უკან ხელისუფლება დგას.
„თაიმერი“: რას მიაღწიეს ამით? შერჩებათ ეს ძალადობა?
თამარ ჩხეიძე: ხელისუფლებამ საბოლოო ჯამში შეიძლება უკუშედეგი მიიღოს. ამ შემთხვევაში მან სარგებელი ნახა. პირველ რიგში დაარტყა საპატრიარქოს. ეს ხელისუფლება ეკლესიას ებრძვის როგორც გარედან, ასევე შიგნიდან. დღიდან პირველი ოკუპაციისა, ქართული ეკლესია რუსეთის მთავარი სამიზნე იყო. კომუნისტების დროსაც და დღესაც ეკლესიაში აგზავნიან მათთვის სასურველ კადრებს და მათი მეშვეობით აწარმოებენ ამ ინსტიტუტის დისკრედიტაციას.
ეკლესიის სახელით ძალადობა არის სრული ნონსესი და ეს მიმართულია ეკლესიის წინააღმდეგ. რაც 5 და 6 ივლისს მოხდა, ამას ფასეულობების დაცვასთან არანარი საერთო არ აქვს.
„თაიმერი“: დასავლეთის რეაქცია როგორი იქნება ამ ყველაფერზე? ევროკავშირის დროშის დაწვა უბრალო ამბავი არ არის. მომხდარის გამო ზოგიერთმა დასავლელმა პოლიტიკოსმა საქართველოს მთავრობის გადადგომა მოითხოვა.
თამარ ჩხეიძე: დასავლეთს ამაზე მკვეთრი რეაქცია რომ ექნებოდა, ეს ადვილად პროგნოზირებადი იყო. „ქართული ოცნება“ ამითაც სარგებელს ნახავს.
„თაიმერი“: რა სარგებელს?
თამარ ჩხეიძე: „ქართულ ოცნებას“ საჯაროდ აქვს გაკეთებული განცხადება, რომ ევროკავშირში უნდა შევიდეთ. სინამდვილეში სხვანაირად არის საქმე. ღიად ვერ იტყვიან დასავლურ კურსზე უარს. ეს საქართველოშო დამკვიდრებული ღირებულებაა. ფინანსურად დასავლეთზე არიან დამოკიდებული და ასეთი ქმედებებით, რაც 5-6 ივლისს ვიხილეთ, საქართველოს ევროკავშირს აშორებენ.
საბოლოოდ როგორ შემოუბრუნდებათ, ეს სხვა საქმეა, მაგრამ ამ ეტაპზე მიიღეს სარგებელი რამდენიმე მიმართულებით. დაატერორეს მედია, დაარბიეს წინააღმდეგობის კერა, დაარტყეს ეკლესიას და დაგვაშორეს ევროპას.
„თაიმერი“: მაშინ როცა ზონდერები ჟურნალისტებს უსწორდებოდნენ, და პარლამენტის წინ კარვებს არბევდნენ, ოპოზიციას სათანადო პროტესტი არ გამოუხატია. ამას თქვენ რითი ხსნით?
თამარ ჩხეიძე: ოპოზიციას აქტიურობა არ გამოუჩენია. მათ პასიურობასაც აქვს თავისი ახსნა. ვიღაცები ცდილობდნენ ოპოზიცია ლგბტ თემასთან დაეკავშირებინა. რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი და ოპოზიციონერი ცდილობდა, რომ ოპოზიცია გაიგივებულიყო ლგბტ თემასთან. ეს მიმაჩნია ძალიან დიდი შეცდომად. არა იმიტომ, რომ ლგბტ თემის უფლებები არ უნდა დაიცვან. ყველას უფლება დასაცავია.
როდესაც ამ ორი თემის მიზანმიმართული გაიგივება ხდება, ეს ხელისუფლების და რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. რუსეთს უნდა რომ ოპოზიცია და დასავლეთი გააიგივონ ლგბტ თემასთან. ამით ოპოზიციასთან ბრძოლა უფრო იოლია. ხელისუფლება პირდაპირ ვერ დაესხმებოდა ოპოზიციას თავს. ეს მათთვის წამგებიანი იქნებოდა. როდესაც ის ვითომდა ლგბტ-ს წინააღმდეგ მოქმედებს, ეს ბევრად მომგებიანია.
ოპოზიცია არის სხვა თემა და ლგბტ – სხვა. მათი გაიგივება არ უნდა მოხდეს. თუმცა გავიმეორებ, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლების უფლებები ოპოზიცა უნდა დაიცვას. ,ხოლოდ ისინი კი არ უნდა დაიცვას, არამედ ყველა ვისი უფლებაც ირღვევა.
„თაიმერი“: ამით ხსნით მათ პასიურობას?
თამარ ჩხეიძე: გარკვეულწილად ამ ახსნას ვუძებნი. როდესაც ხალხს არბევენ, იქ ოპოზიცია პასიური არ უნდა იყოს.
„თაიმერი“: არც ევროკავშირის დროშის დაწვაზე უნდა ყოფილყო პასიურობა.
თამარ ჩხეიძე: ამ შემთხვევაში ოპოზიცა პასიური არ ყოფილა. 5 ივლისს რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა, ამაზე მგონი ოპოზიცას ჰქონდა რეაქცია. მე ვერ ვიტყოდი რომ განსაკუთრებული პასიურობა გამოიჩინეს. დიდად არ დავკვირვებივარ ამ მომენტს. ხშირ შემთხვევაში ჩვენი ოპოზიცია უფრო პასიურია, ვიდრე უნდა იყოს.

თაიმერი

banner
წინა სტატიაშიქოვენთრის ეპისკოპოსისა და ლორთა პალატის წევრის, დოქტორი ქრისტოფერ კოკსვორსის კომენტარი 5 ივლისის მოვლენების შესახებ
შემდეგი სტატიასაქართველოში მიწისძვრა მოხდა