თამარ ჩხეიძე: ოპოზიციონერი ლიდერების დაჭერა გაგრძელდება

ხელისუფლება გიგი უგულავას რომ დააკავებდა, ეს ჯერ კიდევ მაშინ გახდა ნათელი, როდესაც მას აეროპორტში პროვოკაცია მოუწყვეს და ქვეყნის დატოვების საშუალება არ მისცეს. მსოფლიო ჩემპიონის „დაუნდობლად ცემისთვის“, მას პასპორტი ჩამოართვეს. უგულავას დაკავება მოულოდნელი არც ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის თამარ ჩხეიძისთვის ყოფილა. ოპოზიციონერი ამბობს, რომ მომავალში ივანიშვილისგან კიდევ უფრო მძიმე გადაწყვეტილებებს უნდა ველოდოთ.
რამდენად ადეკვატურად უპასუხა ხელისუფლების ქმედებას ოპოზიციამ; რატომ ბედავს ამდენს ხელისუფლება; რას უნდა ველოდოთ ივანიშვილისგან – ამ საკითხების შესახებ “თაიმერი“ თამარ ჩხეიძეს ესაუბრება.

– ცოტა ხნის წინ თქვენ „ქრონიკა +“-თან საუბარში აღნიშნეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აიშვა. ეს მანამდეც გითქვამთ, სანამ უგულავას დაიჭერდნენ. ის რაც დღეს ხდება, ეს ალბათ „აშვებაზე“ ბევრად მეტია, არა?
– გაუგონარი რამ მოხდა. „ქართული ოცნება“ უკვე ყველაფერს კადრულობს. ასეთ მასიურ რეპრესიებს კომუნისტები გასული საუკუნის 60-70-იან წლებშიც კი არ ატარებდნენ. გიგი უგულავას დაკავებამდეც შემაშფოთებელი ვითარება იყო. დღე არ გავიდოდა ისე, რომ რომელიმე ოპოზიციონერი ლიდერის სასამართლო არ გამართულიყო. ამათგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი, მაგრამ გიგის დაკავებამ მაინც განსაკუთრებით დამთრგუნველი შთაბეჭდილება დატოვა. რაღაც ისეთი განწყობა მაქვს, რომ თითქოს კიდევ უფრო ავისმომასწავებელი ხასიათი შეიძინა ამ ყველაფერმა.

– ავისმომასწავებელი ხასიათი შეიძინაო ამბობთ და სხვების დაკავებასაც ელოდებით?
– დაკავებები კიდევ იქნება და ის პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა. მეეჭვება რომ ეს დაპატიმრებები „ქართულ ოცნებაში“ დიდ აღფრთოვანებას იწვევდეს.
– ამით რის მიღწევას აპირებს? ოპოზიცია არ შეშინდა და უგულავას დაჭერის შემდეგ, შეწყვიტა მოლაპარაკებები.
– ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო ოპოზიციამ, როდესაც მოლაპარაკებებზე უარი თქვა. ამ პირობებში „ოცნებასთან“ დიალოგი არის დაუშვებელი. ივანიშვილმა თავისი ყველა დაწერილი თუ დაუწერელი კანონი დაარღვია. საერთოდ, მოლაპარაკებებს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. სპეცსამსახურები როდესაც მოლაპარაკებებს აწარმოებენ ტერორისტებთან, სანამ მოლაპარაკება მიმდინარეობს ტერორისტებსაც კი არ იჭერენ. ვისთანაც მოლაპარაკებებს აწარმოებ, როგორ შეიძლება იმის წინააღმდეგ რეპრესია განახორციელო?! ყველა საზღვარს გასცდა უკვე ივანიშვილი. იურიდიულად უგულავას დაკავება სრული ნონსენსია, მაგრამ ეს ხომ „ოცნების“ ლიდერს არ აინტერესებს. მისი სურვილი ყველა კანონზე მაღლა დგას. ჩვენი საზოგადოება ადეკვატურად რომ აფასებდეს მოვლენებს, ამ უკანონობაზე მყისიერი რეაქცია უნდა ყოფილიყო. ასეთ რამეს ივანიშვილი ვერ უნდა ბედავდეს… მაგრამ ბედავს, ბედავს იმიტომ, რომ იცის, საზოგადოება ამის უფლებას მისცემს. სათანადო რეაქციები თუ მომავალშიც არ იქნა, „ოცნების“ ლიდერი კიდევ ბევრ რამეს გაბედავს.

– ოპოზიციამ დიდი აქცია 4 აპრილს დანიშნა და ამით საკმაო დროს ხომ არ აძლევენ ხელისუფლებას აზრზე მოსასვლელად?
– 4 აპრილამდე საკმაოდ შორია და იმედი მაქვს, რომ მანამდე იქნება პიკეტირება და სხვადასხვა ღონისძიება მოეწყობა. შეიძლება ფიქრობენ, რომ 4 აპრილისთვის უფრო ძლიერად იქნებიან მომზადებული. ასეთ რამეზე საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მყისიერი რეაქცია. სამწუხაროდ, ზოგჯერ არაადეკვატური რეაქციები გვახასიათებს, თუმცა არის მომენტები, როდესაც საზოგადოება ისეთ დროს იფეთქებს, როდესაც ამას ხელისუფლება არ მოელის. გიგი უგულავას დაკავებაზე საზოგადოების მხრიდან იყო ნული რეაქცია. ხალხი ვერ აცნობიერებს თუ რას ნიშნავს ასეთი სახის დაპატიმრება. ეს დაკავება არანაირ კავშირში არ არის სამართალთან. თანამდებობაზე ვისაც უმუშავია, იმ ადამიანების დაჭერა ნებისმიერ დროს შეიძლება სხვადასხვა ბრალდებებით. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში კანონის მაგივრად ერთი კაცის ნება მოქმედებს. ყველაფრის შემსრულებელი მოსამართლეები უკვე ყველაფერზე მიდიან. ძალიან შემაშფოთებელ ხასიათს ატარებ ეს ყველაფერი. ეს ქართულ საზოგადოებას კარგად რომ ესმოდეს, ამაზე ძალიან მწვავე რეაგირება ექნებოდა. უგულავა წლების მანძილზე თბილისის მერი იყო და იმ წლებში შეიძლება მას რაღაც გადაცდომები ჰქონდა, მაგრამ აქ მთავარი ისაა, რომ გადაცდომებისთვის არ არის დაკავებული. მას ვერ უმტკიცებენ, რომ ფული მოიპარა. უგულავას ბრალს სდებენ იმაში, რომ დასაქმებული ჰყავდა აქტივისტები. დღევანდელი ხელისუფლება მთლიანად „ოცნების“ აქტივისტებით არის დაკომპლექტებული. ეს თუ დანაშაულია, თავადაც აგონ პასუხი. გავითვალისწინოთ ისიც, რომ უგულავა ამ საქმეზე ერთხელ უკვე იყო გასამართლებული და გამართლებული. მეორედ ადამიანის იგივე საქმეზე გასამართლება არანაირ ჩარჩოში არ ჯდება.
– თქვენ პესიმიზმით არ გამოირჩევით, მაგრამ ამ შემთხვევაში მეჩვენება რომ პესიმისტურად ხართ განწყობილი…
– პესიმისტი არ ვარ, მაგრამ საზოგადოების არასათანადო რეაქციები მაფიქრებს. ჩვენ დროული რეაქციები რომ გვქონდეს ყველაფერზე, მაშინ ვერცერთი ხელისუფალი ვერ გაბედავდა უკანონობას.

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი: თეორიულად შესაძლებელია, არჩევნებამდე ყველა ოპოზიციური ლიდერი ციხეში აღმოჩნდეს
შემდეგი სტატიაჰამილტონი: ყველაზე ცუდი სცენარი აშშ-ის მხრიდან საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერის შეწყვეტა იქნება