თამარ ჩხეიძე: „ოპერაცია დავითგარეჯა ჩავარდა“

მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, დავითგარეჯის თემა არაერთხელ დადგა დღის წესრიგში. ამ მიმართულებით მრავალჯერ გამწვავდა სიტუაცია, მაგრამ მეოცნებეები ამას არ იმჩნევდნენ. მეტიც: ისინი ყველას ლამის მოღალატეებად აცხადებდნენ, ვინც იტყოდა, რომ დავითგარეჯა საქართველოა. ამ საკითხს „ოცნებამ“ მხოლოდ არჩევნების წინ დაუთმო ყურადღება და სცადა, რომ ეს თემა მთავარი კონკურენტის ჩასაძირად გამოეყენებინა. ეგონათ, რომ მათ მიერ გახეთქილ „სკანდალს“ ისეთივე ეფექტი ექნებოდა, როგორიც 2012 წელს ჰქონდა ციხის კადრებს. მეოცნებეთა მოლოდინი არ გამართლდა. საზოგადოებამ არ დაიჯერა, რომ სააკაშვილმა ალიევს დავითგარეჯა აჩუქა. ხალხი იმ ადამიანების მიმართ განეწყო სოლიდარულად, რომლებიც ამ „სკანდალის“ შესაქმნელად დააკავეს. სხვა თუ არაფერი ყველას გვახსოვს, რომ დავითგარეჯის მიმართულებით სიტუაცია სალომე ზურაბიშვილის უპასუხისმგებლო განცხადებების შემდეგ დაიძაბა.

სალომე ზურაბიშვილის უპასუხისმგებლო განცხადებები კარგად ახსოვს ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერ თამარ ჩხეიძეს. ის რაღაც პერიოდი მუშაოდა კიდეც დავითგარეჯაში და ამბობს, რომ ამ მიმართულებით ყოველთვის არსებობდა აზერბაიჯანთან პრეტენზიები. მისი აზრით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საოცნებო ხელისუფლებამ პოლიტიკური მიზნებისთვის დააკავა. რა სკანდალებს უნდა ველოდოთ „ოცნებისგან“? ვის გამო შეიქმნა დავითგარეჯაში პრობლემები? რა უნდა ქნას ოპოზიციამ? ვისი დახმარებით ინარჩუნებს ძალაუფლებას ბიძინა ივანიშვილი? – ამ თემების შესახებ თამარ ჩხეიძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ დავითგარეჯის თემა, ჯერ კიდევ, საბჭოთა კავშირის პერიოდში იყო აქტუალური. „ქართულმა ოცნებამ“ ის მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლიდან რვა წლის დასრულების შემდეგ შენიშნა. თქვენ რას უკავშირებთ ამ თემით მათ დაინტერესებას?
_ ერთი რამე სრულიად ნათელია _ „ქართული ოცნების“ გააქტიურება არ უკავშირდება დავითგარეჯაზე ზრუნვას. დავითგარეჯის ტერიტორიის ნაწილი რომ საქართველოს საზღვრებს მიღმა აღმოჩნდა, ეს ყოველთვის იყო ჩვენი საზოგადოების შეშფოთების საგანი. გარეჯის თემა განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გამწვავდა. ერთ წელიწადზე მეტია, რაც აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქართველ მომლოცველებს გარეჯაში მოსალოცად აღარ უშვებენ. ამაში მათ ქართველი მესაზღვრეებიც უწყობენ ხელს.
ამ მიმართულებით სიტუაცია სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შემდეგ გამწვავდა. მან ძალიან პროვოკაციული განცხადებები გააკეთა და შედეგმაც არ დააყოვნა.
_ ამის გამო სალომე ზურაბიშვილისთვის „ოცნებას“ პასუხი არ მოუთხოვია.
_ ესეც იმაზე მიუთითებს, რომ დავითგარეჯის თემა ამ ხელისუფლებას არ აინტერესებს. ახლა დასჭირდათ და გაააქტიურეს. ეფექტის მოსახდენად დააკავეს ორი ადამიანი, რომელიც სადემილიტაციო-სადემარკაციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობდა. ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს არაფერზე აქვთ ხელი მოწერილი და არც გარეჯის თემაზეა რამე გადაწყვეტილება მიღებული.
ამ საკითხის მოგვარება ძალიან გაჭიანურდა. ის დღის წესრიგში, ჯერ კიდევ, კომუნისტების დროს იდგა. მაშინ საქართველოც და აზერბაიჯანიც ერთი ქვეყნის _ საბჭოთა კავშირის _ შემადგენლობაში შედიოდნენ და ეს საკითხი ასე მწვავედ არ იგრძნობოდა. ამის მიუხედავად, ჩვენი საზოგადოება მაინც შეშფოთებული იყო, რადგანაც გარეჯის ნაწილი საქართველოს ტერიტორიებში არ შემოდიოდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აქტიურად დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა, მგრამ საკითხი დღემდე მოუგვარებელია. ვითარება განსაკუთრებით ამ ხელისუფლების დროს გამწვავდა. გაეჯის დაკარგვის საფრთხე რეალურად გამოიკვეთა.
დავითგარეჯით დაინტერესება და ილიჩოვასა და მელაშვილის დაკავება 31 ოქტომბრის არჩევნებს უკავშირდება. „ქართულ ოცნებას“ სურდა, ერთგვარი ბომბი გაეხეთქა. უნდოდა, ხალხი დაერწმუნებინა, რომ გარეჯა წინა ხელისუფლებამ გადასცა აზერბაიჯანს. მე ამ კომისიის მუშაობაში მონაწილეობა არ მიმიღია. შესაბამისად, არ ვიცი, სწორად იყენებდა თუ არა ქართული მხარე რუკებს. ფაქტი ისაა, რომ ეს ტერიტორია აზერბაიჯანს არ გადასცემია. ამას „ქართული ოცნებაც“ კი ვერ ამტკიცებს, რადგან მას ხელთ არ აქვს რამე ხელშესახები დოკუმენტი.
_ ამის მიუხედავად, მათ ორი ადამიანი დააკავეს.
_ ამ ადამიანების დაკავება საარჩევნოდ ბომბის ასაფეთქებლად დასჭირდათ. ბომბი მართალია, ააფეთქეს, მაგრამ ბევრს ვერავერს მიაღწიეს. ისინი, ალბათ, უფრო მეტ ეფექტს ელოდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ოპერაცია დავითგარეჯა ჩავარდა. ტერიტორიის გადაცემის ფაქტი არ ყოფილა და ამ საკითხის ირგვლივ ბომბის აფეთქება ეფექტიანი ვერ იქნებოდა. ახლა ეს თემა შავი პიარის ხასიათს ატარებს. ოპონენტების გასაშავებლად ძალიან არაჰუმანურ მეთოდს მიმართეს _ ორი ადამიანი უდანაშაულოდ გამოკეტეს ციხეში. ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი „ქოცების“ საარჩევნო კამპანიის მსხვერპლი არიან.
ეჭვიც არ მეპარება, რომ ამ ყველაფრის უკან რუსეთი დგას. ამაში ჩვენი საზოგადოებაც დარწმუნდა. ყველა ხვდება, რომ მოსკოვს სურს თბილისსა და ბაქოს შორის სიტუაციის გამწვავება.
_ 2006 წელს რუსეთმა გაზსადენი აგვიფეთქა. მას შემდეგ საქართველო აზერბაიჯანული გაზით მარაგდება. „გაზპრომმა“ არაერთხელ სცადა აქ შემოსვლა. მათთან კალაძემ წლების წინათ საიდუმლო შეთანხმება გააფორმა. გარეჯის თემის გამწვავება გაზის თემას ხომ არ უკავშირდება?
_ სამწუხაროდ, ამასთან დაკავშირებით ინფორმირებული არ ვარ და ამიტომ ვერ ვისაუბრებ. რუსები ჩვენი და აზერბაიჯანის დაპირისპირებით რომ დაინტერესებული არიან, ეს აშკარაა. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ გარეჯის თემას პრორუსული ძალები ამწვავებენ. „პატრიოტთა ალიანსი“ და „ქართული მარში“ უკვე დაუფარავად მოქმედებენ. მათი პატრიოტიზმი აბსოლუტურად ყალბია.
_ რატომ მიგაჩნიათ მათი პატრიოტიზმი სიყალბედ? არ არის ნორმალური, ადამიანმა თავისი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია გააპროტესტოს?
_ ეს ნორმალურია, მაგრამ არ შეიძლება, რომ ოკუპაციას მხოლოდ ერთი მიმართულებით აპროტესტებდე. „ქართული მარში“ და „პატრიოტთა ალიანსი“ რუსების მიერ ქართული მიწების ოკუპაციაზე არაფერს ამბობს. არადა, მოსკოვი ყოველდღიურად აფართოებს ოკუპაციის ზონას. ჩვენი ვითომ პატრიოტები ამის გამო სრულებით არ ღელავენ.
დავითგარეჯის თემა ძალიან მტკივნეულია საქართველოსთვის, ის აუცილებლად უნდა მოვაგვაროთ. ამ საკითხის მოგვარებას ვითომ პატრიოტების არაგულწრფელი პროტესტი ხელს არ შეუწყობს. რუსეთის მიერ დაკვეთილი აქტივობები სერიოზულ საფრთხეს გვიქმნის.
_ ამ თემის გააქტიურება ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტის განახლებას დაემთხვა. სავარაუდოდ, არც ეს უნდა იყოს უბრალო დამთხვევა. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?
_ ეს თემა ახლა შემთხვევით არ გააქტიურებულა. ჩვენი ხელისუფლება სახელმწიფოებრივად რომ აზროვნებდეს, ახლა ამ თემას არ გაამწვავებდა. დღის წესრიგში დააყენებდა, მაგრამ სიფრთხილეს დაიცავდა. ჩემი აზრით, ამ თემის გააქტიურება მოახლოებულ არჩევნებსა და ყარაბაღის კონფლიქტს უკავშირდება. საბედნიეროდ, აზერბაიჯანის მიმართულებით ვითარების გამწვავება მოსკოვმა ვერ შეძლო. ჩვენ მეზობლებთან ურთიერთობაში სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, ამასთანავე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავითგარეჯის პრობლემა მოგვარდეს. ამ საქმეში ყალბი პატრიოტული განცხადებები არ გამოგვადგება.
_ ყალბი პატრიოტული გაცხადებები ახსენეთ და დავითგარეჯაზე მოტირლებს ერთხელ არ დასცდენიათ აუგი იმის გამო, რომ რუსები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართულ კვალს შლიან და არც ეკლესიების განადგურებას ერიდებიან.
_ ამ თემაზე მათგან განცხადებებს არ უნდა ველოდოთ. გასაკვირი ის იქნება, ამას თუ გააპროტესტებენ. საქართველოს ხელისუფლებასაც საინტერესო პოზიცია უკავია. აცხადებს, რაც არ უნდა მოხდეს, რუსეთის გაღიზიანებას უნდა მოვერიდოთო. ივანიშვილი იმასაც კი ამბობდა, ვერ წარმომიდგენია, რომ რუსეთს საქართველოს დაპყრობა სურდესო.
_ აბა, რისთვის წაიღო ჩვენი ტერიტორიები?
_ ივანიშვილს ეს არაფრად მიაჩნია. ის დღემდე საქართველოს ადანაშაულებს 2008 წლის ომის დაწყებაში. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ერთ-ერთი პირველი განცხადება ამასთან დაკავშირებით გააკეთა. მისი თქმით, თურმე, რუსებს არაფერი დაუშავებიათ, უბრალოდ, რაღაც ჭურვი გავარდა, მან კედელი დაანგრია და ქართულმა მხარემ ამის გამო დაიწყო ომი.
_ ამ მხრივ რა შესაშური პოზიცია უკავიათ ჩვენს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანს. არც ერთგან და არც მეორეგან თავში აზრად მოსვლიათ ეთქვათ, ომი თქვენ დაიწყეთო.
_ ამას არც იტყვიან. რასაც ივანიშვილი და მისი გუნდი აგვისტოს ომთან მიმართებით აკეთებს, ეს წარმოუდგენელია. როგორ შიძლება, შენი ქვეყანა დაადანაშაულო ომის დაწყებაში და ოკუპანტი გაამართლო?!
_ ზემოთ აღნიშნეთ, რომ გარეჯის თემა არჩევნებს უკავშირდებოდა. ეს გეგმა ჩაეშალათ. კიდევ უნდა ველოდოთ მათგან მსგავსი ტიპის სიურპრიზებს?
_ ოპერაცია დავითგარეჯა ჩავარდა. „ქართული ოცნება“ ამაზე დიდ იმედებს ამყარებდა, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა. ახლა ის სხვა მეთოდს გამოიყენებს. სხვა გეგმაც ექნება შემუშავებული. არჩევნები რომ მათთვის სასურველი შედეგით დასრულდეს, ყველაფერზე წავლენ. გამოიყენებენ ადმინისტრაციულ რესურსს, არც ძალადობასა და ამომრჩევლის მოსყიდვას მოერიდებიან.
რუსული ფაქტორი და ივანიშვილის ზურგს უკან მდგარი პუტინი რომ არა, შეიძლება ითქვას, „ქართული ოცნება“ არჩევნებამდეც კი ვერ მივიდოდა.
_ რას ნიშნავს, არჩევნებამდე ვერ მივიდოდა?
_ იმას, რომ არჩევნებამდე ვერ მიაღწევდნენ. დიდი ხნის წინათ ჩაალაგებდნენ ბარგს და ქვეყანას დატოვებდნენ. სამწუხაროდ, მათ ზურგს უმაგრებს პუტინი. რაც სერიოზულ საფრთხეს გვიქმნის.
_ ამასთან დაკავშირებით დასავლეთი უკვე დიდი ხანია, გვაფრთხილებს. აშშ-ის ელჩმა პირდაპირ თქვა, რომ მოსკოვი ამ არჩევნებში ჩაერევა.
_ სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევა რუსებისთვის ჩვეულებრივი ამბავია. კრემლი აქტიურად ერევა ყველა იმ არჩევნებში, რომელიც მისთვის მნიშვნელოვან ქვეყანაში ტარდება. საქართველო მათთვის მეტად სენსიტიური თემაა. თან აქ ჩარევა მათთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. იმისთვის რომ სასურველ შედეგს მიაღწიონ, საამისოდ რუსეთს საქართველოში დიდი ბერკეტები აქვს. რუსეთის ზრახვების დამუხრუჭება მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი.
_ რა შემთხვევაში?
_ საზოგადოებისა და ოპოზიციის აქტიურობას შეუძლია რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა. არჩევნებზე დაბალი აქტივობა თუ იქნა, მოსკოვი იოლად მიიღებს იმას, რაც უნდა. მაღალი აქტივობა თუ იქნა, მოსკოვს გაუჭირდება. ასევე საჭიროა სათანადო სულისკვეთება, დაახლოებით ისეთი, როგორიც ნიკა მელიას წარდგენის დროს იყო. ოპოზიციას ერთად დგომით შეუძლია ასეთი სულისკვეთების შექმნა. ასეთი სულისკვეთება, თავის მხრივ, არჩევნებზე გამარჯვებას მოიტანს.
_ ნიკა მელიას წარდგენაზე მთელი ოპოზიცია იყო თავმოყრილი. მიხვდნენ, რომ მხოლოდ ერთად დგომით გაიმარჯვებენ. თუ ნიკა მელიას ფაქტორის გათვალისწინებით მივიდნენ იქ? ნიკა მელია ოპოზიციაში ყველას უყვარს.
_ ეს აქტიურობა და სულისკვეთება დიდწილად ნიკა მელიას პიროვნებასთან იყო დაკავშირებული. სხვა კანდიდატები, შეიძლება, ასეთი საყოველთაო სიმპათიით არ სარგებლობდნენ, მაგრამ პოლიტიკოსები არიან და უნდა შეძლონ პირად გრძნობებზე მაღლა დადგომა. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ის დაპირისპირება, რომელიც ოპოზიციის შიგნით არასასურველი ფორმებით იჩენს ხოლმე თავს. სხვა შემთხვევაში განსხვავებული აზრის არსებობა მისაღებია.
_ თქვენ ამ განსხვავებულ აზრში პრობლემას ვერ ხედავთ?
_ ვერანაირად. ეს პირიქით, მისასალმებელია. განსხვავებული აზრი უნდა არსებობდეს, ის უნდა გამოითქვას, მაგრამ შეურაცხმყოფელი ფორმით მისი გამოხატვა მიუღებელია.
_ ყველაზე მეტად რა არ მოგწონთ ოპოზიციაში?
_ პირველ რიგში ის, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტია სააკაშვილსა და ივანიშვილს ერთ კონტექსტში განიხილავს. ამ ორი ადამიანის ერთმანეთთან გაიგივება არასწორი და არასამართლიანია.
_ ივანიშვილი ვახსენეთ და მის პროგნოზებზე მინდა გკითხოთ. ამბობს, რომ არჩევნებში 63%-ის აღება შეუძლიათ. ამაზე რას ფიქრობთ, აქვს „ქართულ ოცნებას“ ამხელა მხარდაჭერა?
_ გამორიცხულია, რა 63%?! საქართველოში ნორმალური არჩევნები რომ ტარდებოდეს, ისინი ხელისუფლების შენარჩუნებაზე არც კი იფიქრებდნენ. რუსეთის ზურგი რომ არა, საქართველოდან დიდი ხნის წინათ იქნებოდნენ აბარგებულები.
63%-იანი მხარდაჭერა ხალხში არ გააჩნიათ, მაგრამ შანსი აქვთ, რომ მართლა ასეთი შედეგი დადონ. ივანიშვილს მთლად ჰაერზეც არ გაუკეთებია ეს განცხადება. როდესაც ის ამ პროცენტებზე საუბრობდა, იმ ბერკეტებზე ფიქრობდა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელშია. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ბერკეტია ივანიშვილის ხელში.
_ წინა ინტერვიუში მითხარით, „ოცნება“ გააორმაგებს იმ პროცენტებს, რასაც არჩევნებზე მიიღებსო.
_ ახლაც ამ აზრზე ვარ. ეჭვი არ მეპარება, რომ ამ პარტიას ჰყავს მხარდამჭერები და ისინი ხმას მისცემენ „ქართულ ოცნებას“. სინამდვილეში, თუ 25% მიიღეს, ცესკო 50%-ს დაწერს. 30%-ს თუ მიიღებენ, 60% დაეწერებათ. „ქართული ოცნება“ მხოლოდ თავისი მომხრების იმედზე არ არის. მათი მთავარი დასაყრდენი ტერორი და გაყალბება იქნება. არც ადმინისტრაციული რესურსი უნდა დავივიწყოთ. ადმინისტრაციულ რესურსს ყველა ხელისუფლება თავის სასარგებლოდ იყენებს.
_ ვის ან რის იმედზეა ოპოზიცია? ალბათ, დასავლეთის, რომელიც არჩევნების გაყალბებას არ შეეგუება.
_ კარგია, ამერიკა და ევროპა რომ არსებობს. დასავლეთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტორია, მაგრამ არჩევნების მოსაგებად სხვა ფაქტორებიც საჭიროა. ერთიანობა და ისეთი სულისკვეთებაა საჭირო, რაც, ვიმეორებ, ნიკა მელიას წარდგენაზე იყო.
_ ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს ჩვენს სამეზობლოში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი. დაპირისპირება ყარაბაღში საქართველოზე რამე გავლენას ხომ არ იქონიებს?
_ არავინ იცის, რა მოხდება ამ კონფლიქტში და პროგნოზის გაკეთება ჩემთვის რთული იქნება. ერთში ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. მინიმუმზე უნდა დაიყვანოს რისკები. არაფრით უნდა დავუშვათ, რომ კონფლიქტში ჩაგვითრიონ.
_ პირველი კონფლიქტის დროს საქართველო მშვიდად გამოძვრა ამ სიტუაციიდან. აქ მცხოვრებ სომხებსა და აზერბაიჯანელებსაც კი არ მოსვლიათ ჩხუბი ერთმანეთში.
_ ახლაც ასე უნდა მოვიქცეთ. ამ კონფლიქტში არანაირი ფორმით არ უნდა ჩავერიოთ. ყველამ უნდა იფრთხილოს _ ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც.
_ ოპოზიციას ყარაბაღისთვის არ სცხელა, ერთმანეთის ლანძღვით არის დაკავებული.
_ საწყენია, რომ ერთმანეთის მიმართ ასეთი დამოკიდებულება აქვთ. განსაკუთრებით მიუღებელია, როცა სააკაშვილს ივანიშვილთან აიგივებენ. სააკაშვილს ივანიშვილთან ის ხალხი აიგივებს, ვისთან ერთადაც მიშა 9 წელი ხელისუფლებაში იყო. ვიმეორებ: მის მიმართ ასეთი პრეტენზიები უსამართლობაა.
_ ისევ წინასაარჩევნო სკანდალებს დავუბრუნდები. თქვენი აზრით, ციხის კადრების მსგავსი ვიდეოები ხომ არ გამოიყრება? გარეჯის სკანდალმა არ გაამართლა.
_ ვერ გეტყვით, ხელისუფლების შესანარჩუნებლად „ქართული ოცნება“ ყველაფერს იკადრებს. არა მგონია, რამე სერიოზული კადრები ჰქონდეთ, თორემ აქამდეც გამოფენდნენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცას ვერ იშოვიან. რამე თუ ჩაუვარდათ ხელში, აუცილებლად გამოიყენებენ.
_ ამას ოპოზიციამ რა უნდა დაუპირისპიროს?
_ პირველ რიგში, ერთიანობა. კიდევ ერთხელ მიწევს ნიკა მელიას წარდგენის გახსენება. სამწუხაროდ, ყველა კანდიდატი ოპოზიციის საყოველთაო სიყვარულით არ სარგებლობს. ამის მიუხედავად, ოპოზიციამ უნდა მოახერხოს და ერთად დადგეს.
ოპოზიციამ მშვიდობა უნდა შეინარჩუნოს, მაგრამ ამის პარალელურად ტემპერატურაც მკვეთრად აწიოს.
_ თან მშვიდობა შეინარჩუნო და თან ტემპერატურა აწიო, ეს როგორ გამოვა?
_ მონდომების შემთხვევაში გამოვა. ტემპერატურის აწევაში დესტაბილიზაციის შექმნას არ ვგულისხმობ. მათ ხალხში გამარჯვების განცდა უნდა გააჩინონ. ხელისუფლებას უფლება არ უნდა მისცენ, რომ არჩევნები ძალადობაში გადაიზარდოს. ამის მცდელობა აუცილებლად იქნება. აქ მარტო ოპოზიცია ვერაფერს გახდება, ხალხის აქტიურობაც საჭიროა. რაც უფრო მეტი ხალხი მივა არჩევნებზე, მით ნაკლები იქნება ძალადობა და გაყალბება.
დარჩენილ დროში ოპოზიციამ ხალხამდე ერთი ძალიან მარტივი მესიჯი უნდა მიიტანოს. ხალხი ისედაც ხედავს, რომ რაღაცის შეცვლაა საჭირო. ოპოზიციამ ეს განცდა კიდევ უფრო უნდა გაუმძაფროს, ყველა ცვლილებებისთვის უნდა ემზადებოდეს.
ოპოზიციამ უნდა იცოდეს, რომ განწყობა წინასწარ განსაზღვრავს არჩევნების შედეგს. ხალხში თუ მასობრივად დამკვიდრდა აზრი, რომ ამ არჩევნებში მართლაც მოხდება ცვლილება, ასეთ შემთხვევაში ოპოზიციის გამარჯვების შანსები ძალიან იზრდება. როგორც ვალუტის კურსზე ახდენს გავლენას მოლოდინი, ასევე ახდენს გავლენას მოლოდინი არჩევნების შედეგზეც.
ხალხის ფსიქიკა ასეა მოწყობილი, რომ როცა ის ხელისუფლების გამარჯვებას ელოდება, შეიძლება, არც იყოს ხელისუფლების მომხრე, მაგრამ მაინც მას მისცეს ხმა. მოლოდინს დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს მოლოდინი ოპოზიციამ უნდა გააჩინოს.
_ რაკი ამბობთ, რომ ოპოზიციამ უნდა გააჩინოს მოლოდინიო, ე. ი. ხალხი არ ელოდება ოპოზიციის გამარჯვებას?
_ ამ კითხვაზე პასუხი ჩემთვისაც საინტერესო იქნება. მე ხალხის განწყობაზე საუბარი მხოლოდ იმის მიხედვით შემიძლია, რასაც ტელევიზორში ვუყურებ. თავად ხალხის განწყობის შესასწავლად ვერ მოვიცალე.

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე კოვიდსასტუმროში გარდაცვლილზე: თრომბოემბოლია იწვევს უეცარ სიკვდილს, ექიმი უძლურია
შემდეგი სტატიამეუფე იაკობი : გვიკიჟინებენ, რომ ეკლესია, თურმე, არ აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს