პარტია „ფედერალისტების“ ლიდერები, თამარ ჩერგოლეიშვილი და გიგა ბოკერია სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფებიან. ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ამერიკაში გამართული შეხვედრების საფუძველზე რჩება მკაფიო შთაბეჭდილება, რომ მმართველ გუნდსა და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას შორის ურთიერთობების ნორმალიზება შეუძლებელია.
„ფედერალისტების“ ლიდერის თქმით, ბიძინა ივანიშვილს სტრატეგიული ბუნდოვანების ალიბი მოესპო და ის დასავლეთის თვალში რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მოკავშირედ მიიჩნევა:
„აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ რაღაც სტრატეგიული ურთიერთობა აღდგეს, ნატოში გავწევრიანდეთ ან უვიზო მიმოსვლა მივიღოთ. მას უბრალოდ ვიტრინის შექმნა უნდა, რომ ვითომ ვითარება ნორმალიზდა.
აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პერიოდში დემოკრატიული დღის წესრიგი უკანაა გადაწეული და წინ ეკონომიკური ინტერესებია, მაგრამ ამას სჭირდება სტაბილურობა. ივანიშვილს კი არ აქვს შესაძლებლობა, სტაბილურობა უზრუნველყოს ქვეყანაში, სადაც მისივე ხელშეწყობით რუსული, ჩინური და შიიტური გავლენები ძლიერდება და სადაც ამომრჩევლის ნახევარი მას არ აღიარებს“, — აცხადებს ჩერგოლეიშვილი.
მისივე შეფასებით, კურსის შეცვლის გარეშე ვაშინგტონთან „დალაგება“ გამორიცხულია, კურსის ცვლილების ფუფუნება კი ივანიშვილს არ აქვს, რადგან ასეთ შემთხვევაში ის ძალაუფლებას დაკარგავს. ჩერგოლეიშვილმა საზოგადოებას მოუწოდა, რეჟიმს სიმტკიცე 26 მაისს, ერთად აჩვენონ.















