“აქ საქართველოს მოქალაქეობის გაუქმების პროცესი მიმდინარეობს, საქართველოს მოქალაქეს აუქმებს ბიძინა ივანიშვილი”_ ასე ეხმაურება “ფედერალისტების” ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს.
„ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწერილ სპექტაკლში მონაწილეობაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის დაწერილი ფინალი ექნება, მსხვერპლის როლის თამაშზე. მას არ მივცემთ შესაძლებლობას, რომ ჩვენი მეშვეობით ძალის დემონსტრირება შეძლოს. არაფერი სამართლებრივი ამ პროცესს არ სცხია. შესაბამისად, სამართლებრივი არგუმენტებით მსჯელობა იქ, სადაც სამართალს ბიძინა ივანიშვილი წერს, ჩვენი ჩაის ჭიქა არაა. საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესები უბრალოდ დაემთხვა ჩვენ მიერ დაგეგმილ კამპანიას „ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს“. ჩვენ დავდივართ უბან-უბან და ვცდილობთ, რომ პოლიტიკას დავუბრუნოთ ის მნიშვნელობა, რაც რუსულმა ტოტალიტარიზმმა შთანთქა და რაც პოლიტიკას აქცევს საერთო საქმედ. თუ გვინდა, რომ ხალხი პარტიების დასაცავად ქუჩაში გამოვიდეს, პარტიები უნდა ვლაპარაკობდეთ ხალხის პრობლემებზე და არა ბიძინა ივანიშვილის მანევრებსა და ცირკებზე. ხალხის პრობლემებზე უნდა ვლაპარაკობდეთ.
აქ საქართველოს მოქალაქეობის გაუქმების პროცესი მიმდინარეობს, საქართველოს მოქალაქეს აუქმებს ბიძინა ივანიშვილი. პოლიტიკურ ველზეა ბრძოლა მოსაგები და არა ამ ყალბ სასამართლო პროცესზე“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.















