ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ მიერ გასაჯაროებულ სკანდალურ ანონსს, რომელიც პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეებზე სასტიკი ძალადობის უმძიმეს ფაქტებს ასახავს, სოციალურ ქსელში „ფედერალისტების“ ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილიც ეხმაურება.
პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ კადრები საზარელია, თუმცა თავად ფაქტი, რომ ამ მასშტაბის მასალამ პოლიციის სისტემიდან გარეთ გამოჟონა, კონკრეტულ პოლიტიკურ სიგნალს ატარებს.
„მელაძის ანონსი ვნახე. საზარელია. ის, რომ სისტემიდან ასეთი საზარელი რამ გაიჟონა, იმას ნიშნავს, რომ რეჟიმს დიდი დღე აღარ დარჩენია“, — წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული კადრების შემდეგ, სადაც სამართალდამცავები მოქალაქეებს სცემენ და აწამებენ, შსს-მ აღიარა ფაქტის ნამდვილობა. უწყების მტკიცებით, შემთხვევა 2022 წელს ქობულეთში მოხდა და მასში მონაწილე სამი პოლიციელი მიმდინარე წლის თებერვალშია დაკავებული. მიუხედავად ამისა, უფლებადამცველები, იურისტები და პოლიტიკური წრეები მიიჩნევენ, რომ დანაშაული სისტემურ ხასიათს ატარებს, ხოლო ინფორმაციის გამოტანა უწყების შიგნით არსებულ სერიოზულ ბზარებზე მიუთითებს.
















