„ოპოზიციის ალიანსმა“ 25 ოქტომბრიდან საპროტესტო კამპანიის დაწყება დააანონსა, რომლის კულმინაციაც 28 ნოემბერს თბილისში დაგეგმილი მასშტაბური აქცია იქნება.
„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა სასოწარკვეთილი ნაბიჯია და იმაზე მიუთითებს, რომ მმართველი გუნდი ქართველ ხალხსა და თავისუფალ არჩევანს არ ენდობა.
ბრიფინგზე პოლიტიკოსმა განმარტა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომების პარალელურად „ფედერალისტები“ ბათუმში იქნებიან, თუმცა უშუალოდ პროცესში მონაწილეობის მიღებაზე უარს ამბობენ.
„ჩვენ ბათუმში ვიქნებით, უბრალოდ პროცესზე არ ვიქნებით, რადგან პროცესად არ ვთვლით… დავცინებთ იმ პროცესს, თუმცა მონაწილეობას არ მივიღებთ, რადგან შესაძლებლობას არ მივცემთ, რომ რაიმე სამართლებრივი ფორმა, თუნდაც მოჩვენებითი მიეცეს ამ პროცესს. ბიძინა ივანიშვილი რომ ამას აკეთებს, ჩვენ მივესალმებით, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ცხადს ხდის ფაქტს, რომ მას ეშინია ქართველი ხალხის,“ — განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ალიანსის შიგნით განსხვავებული ტაქტიკა — კერძოდ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიერ სასამართლოში გამოცხადება — აზრთა სერიოზულ აზრთა სხვადასხვაობას არ წარმოადგენს. ჩერგოლეიშვილის თქმით, ოპოზიციის მთავარი ამოცანა მშვიდობიანი და პრინციპული პროტესტის გაფართოებაა, ვიდრე ხელისუფლებას დათმობებზე არ წამოიყვანენ.















