თამარ ბელქანია: „წალენჯიხა  მეორე ტურშიც ცვლილებებს დაუჭერს მხარს“

წალენჯიხის მერობის კანდიდატი „ლელოდან“ თამარ ბელქანია თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით კმაყოფილია. მისი თქმით, ხელისუფლებამ ყველა ღონე იხმარა არჩევნების გასაყალბებლად, მაგრამ სასურველს მაინც ვერ მიაღწია. ამას ბელქანია წალენჯიხელების გაზრდილ პოლიტიკურ კულტურას და ცვლილებების აუცილებლობის განცდას უკავშირებს. „თაიმერთან“ საუბარში ბელქანია ამბობს, რომ წალენჯიხელები მეორე ტურშიც ცვლილელების სასარგებლოდ მისცემენ ხმას.

თამარ ბელქანია:

– ამ არჩევნებზე ხელისუფლებამ ყველაფერი იკადრა, არც მოსყიდვას მორიდებია და არც დაშინებას, მაგრამ მაინც ვერ მიიღო ის შედეგი, რაც სურდა. წალენჯიხელების პოლიტიკური კულტურა ძალიან არის გაზრდილი. ისინი ხმას ბრმად აღარ აძლევენ, ხმის მიცემამდე მსჯელობენ რა იქნება უკეთესი მათი ქალაქისთვის თუ სოფლისთვის. ხალხს ცვლილებები უნდა. ხალხმა ცვლილებებს მისცა ხმა.

ოპოზიციამ წალენჯიხაში ძალიან კარგი შედეგი აჩვენა. ეს ოპოზიციის კოორდინირებული მუშაობის დამსახურებაცაა. ოპოზიცია წალენჯიხაში მუშაობდა კოორდინირებულად. გახარიას პარტიის გარდა ყველანი ერთად ვიყავით. ერთად ვრეაგირებდით ნებისმიერ გადაცდომასა და ძალადობაზე. მედიაც აქტიურად აშუქებდა ამ თემებს.

არჩევნების გაყალბება ხელისუფლებამ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო. ამის მიუხედავად „ქართულმა ოცნებამ“ ძირითად უბნებში არჩევნები წააგო. წალენჯიხის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არ ეყოლება. აქ რვა მანდატი აიღო ნაციონალურმა მოძრაობამ, 7 ხელისუფლებამ, 3 გახარიას პარტიამ და ერთი მანდატი გვერგო ჩვენ. „ლელოდან“ წალენჯიხის საკრებულოში 22 წლის ახალგაზრდა ბიჭი შევიდა. პოლიტიკაში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა სახე უნდა შემოვიდეს.

-წალენჯიხაში მერის არჩევნების მეორე ტურია. სადაც „ოცნების“ კანდიდატის კონკურენტი ნაციონალი გია ხარჩილავა იქნება. მეორე ტურში ხარჩილავას უჭერთ მხარს?

-ხარჩილავა წარმოადგენს ოპოზიციას და რა თქმა უნდა მას დავუჭერ მხარს. ჩვენ ცვლილებები გვინდა, ჩვენ ცვლილებებს ვუჭერთ მხარს.

– 14 ოქტომბრის აქციაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უნდა მოითხოვენ, აპირებთ წასვლას? „ლელოს“ ლიდერებმა თქვეს, რომ პარტია ამ აქციას არ შეუერთდება.

– ამ აქციაზე აუცილებლად წავალ. პარტია ამ აქციას არ შეურთდება, მაგრამ პარტიის წევრებს შეუძლიათ თავად მიიღონ გადაწყვეტილება წავიდნენ თუ არა იმ აქციაზე. ასეთი მიდგომა გამართლებულია. ყველა ერთ აზრზე ვერ იქნება. დემოკრატია თუ გვინდა ასეც უნდა იყოს

დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეორე ტურებში ოპოზიციურმა კანდიდატებმა გაიმარჯვონ. წალენჯიხაში ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს რომ ხელისუფლება დამარცხდეს. დარწმუნებული ვარ რომ დამარცხდება.

– რატომ ხართ დარწმუნებული?

– იმიტომ რომ ამ წლების მანძილზე წალენჯიხისთვის არაფერი გაუკეთებიათ. არის სოფლები, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები არც შესულან. წალენჯიხაში 29.000 ადამიანი ცხოვრობს და ამდენი ადამიანი ჯანდაცვის გარეშეა. წალენჯიხას არ ჰყავს გინეკოლოგი, არ ჰყავს ქირურგი. ადამიანი ცუდად რომ გახდეს ზუგდიდში უნდა წავიდეს, წალენჯიახაში ექიმი არაა რომ გაესინჯოს.

რამდენიმე სოფელს დენი არა აქვს, არ იჭერს ტელეფონი, ინტერნეტი, ადამიანები ვერ უყურებენ ტელევიზორს, არ აქვთ წვდომა ინფორნაციაზე და არ იციან რა ხდება პოლიტიკაში. ხელისუფლებას შეეძლო ამ პრობლების მოგვარება, მაგრამ ვერ მოაგვარა. მეტიც უკან აბრუნებდა ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს

ხალხს ხილი, ციტრუსი, ჩირი ულპება და არავინ ფიქრობს რომ ამის რეალიზაციაში დაეხმარონ. იმის მაგივრად, რომ აქ წარმოებული პროდუქცია გაგვქონდეს ექსპორტზე, ხალხი გარბის აქედან. ადამიანები ემიგრაციიდან უყურებენ როგორ იზრდებიან მათი შვილები და როგორ ბერდებიან მშობლები.

წალენჯიხაში ისევე როგორც მთელ საქართველოში ძალიან ბევრი პრობლემაა. პრობლემის მოგვარების ნაცვლად მოსყიდვაზე და დაშინებაზე იყო გადასული „ოცნება“. წალენჯიხაში ერთი ხმა 150-200 ლარამდე ღირდა. თავიდან 150 ლარების დარიგება დაიწყეს, მერე 200 ლარამდე ავიდნენ. ზოგს თანხა სრულად არ მისცეს, შეპირდნენ დანარჩენ თანხას არჩევნების მერე მოგცემთო. ზეწოლის და გაყალბების ყველა ფორმა იქნა გამოყენებული, მაგრამ წალენჯიხამ მაინც მისცა ხმა ცვლილებებს.
აუცილებელია კოალიციური ადგობრივი თვითმართველობა და უნდა დასრულდეს ერთპარტიული დიქტატი. თითოეულ წალენჯიხელს აქვს უფლება აქტიურად მონაწილეობდეს მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში.
რეალურად ბევრი რამ შესაცვლელია და ეს ცვლილებები მხოლოდ პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. ასევე მეტ ყურადღებას იმსახურებენ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა და ოკუპურებულ ტერიტიროებზე დარჩენილი ჩვენი მოქალაქეები.

banner
წინა სტატიაშიმეუფე ნიკოლოზი: იმედი მაქვს, რომ ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ერა დაიწყება
შემდეგი სტატიასრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოსახლეობას სვეტიცხოვლობას ულოცავს