“ძლიერმა ნალექმა პრობლემები შექმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში. როგორც წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია აცხადებს, მიქავას ცენტრში, ღვარცოფის გამო, მდინარე ლაჩახვაზე არსებული ხიდბოგირზე სავალი გზის მონაკვეთი ჩამოიშალა.
მუნიციპალიტეტი უკვე მუშაობს პრობლემის აღმოფხვრაზე,- აცხადებს ბელქანია.
გარემოს ეროვნული სააგენტო მეტეოროლოგიური რადარის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დღეს, 10 ივნისს, უახლოეს საათებში დღის ბოლომდე ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის უმეტეს რაიონში, ასევე, თბილისში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).