თამარ ბელქანია: „აფხაზეთის დაბრუნების გასაღები სამეგრელოშია, სამეგრელო უნდა გადარჩეს!“

მან თბილისში აწყობილი ცხოვრება დატოვა და 9 წლის შვილთან ერთად წალენჯიხაში გადავიდა საცხოვრებლად.  ის ახლა წალენჯიხის მერობის კანდიდატია „ლელოდან“ და სჯერა რომ წალენჯიხელებისთვის ბევრი რამის შეცვლა შუძლია. პოლიტიკაში წასვლის მიზეზებზე თამარ ბელქანია „თაიმერთან“ საუბარში მოჰყვება.

თამარ ბელქანია:

– დავიბადე წალენჯიხაში. მამაჩემი არის ფილოსოფიის პროფესორი. ბაბუაჩემი იყო წალენჯიხის მთავარი ექიმი. ექიმების ოჯახში ვარ გაზრდილი, დედაჩემიც ექიმია. ჩვენ ვცხოვრობთ თბილისში, მყავს 9 წლის შვილი. დამთავრებული მაქვს სამხატვრო აკადემია. ვარ კულტურის კვლევების დოქტორი. 1995 წლიდან ვარ ჟურნალისტიკაში. მიმუშავია ბეჭდურ მედიაში, ტელევიზიაში, პიარში.

2006-2007 წლებში ვმუშაობდი არქივში. ვიყავი არქივის ხელმძღვანელი. ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდია. სპეცარქივში ვმუშაობდი, სადაც არის ჩვენი უახლესი 70 წლიანი ოკუპაციის ისტორია. რომელმაც ასახვა ვერ ჰპოვა, ვერც სახელმძღვანელოებში და ვერც წიგნებში.

ამ არქივში დაცული მასალებიდან კარგად ჩანს, თუ რა ხდებოდა მაშინ საქართველოში და როგორ ხდებოდა საზოგადოების დაშინება. ამ არქივის გაცნობის შემდეგ მიხვდება ადამიანი, თუ რის ხარჯზე იყო საბჭოთა პერიოდში ე.წ. სტაბილური ეკონომიკა და სტაბილური ცხოვრება. სამწუხაროა, რომ ჩვენ არ გვაქვს ოკუპაციის ისტორია. არ გვაქვს ოკუპაციის რეალური მუზეუმი. არ გვაქვს ლუსტრაციის კანონი. ყველაფერი ეს არის პრობლემა.

-წარმომიდგენია რა დოკუმენტებს ნახავდით ამ სპეცარქივში.

-იქ გატარებული დრო ჩემი ცხოვრების ყველაზე საინტერესო პერიოდად ამიტომ მიმაჩნია. ამ არქივში ისეთი მასალები ვნახე, რომლებსაც სხვაგან ვერსად ვერც ვნახავდი და ვერც წავიკითხავდი. ამის მიხედვით გავაკეთე წიგნი, რომელსაც დავარქვი „ინფორმაციით კულტურის კონსტრუირება სოცრეალიზმში“. ამის მიხედვით დავიცავი დისერტაცია და გავაკეთე სალექციო კურსი. ამას ვასწავლი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აშშ-ს ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში.

არქივიდან წამოსვლის შემდეგ გავხდი ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი. გავაკეთე რამდენიმე საავტორო გადაცემა. ჩემი გადაცემები ძირითადად საპატრიარქოს არხზე გადიოდა. ეს არხი იმიტომ ავირჩიე, რომ პოლიტიკურად ყველაზე ნეიტრალური არხი იყო.

ჩემი ძირითადი საქმიანობაა ლექტორობა. ძალიან მიყვარს სტუდენტებთან ურთიერთობა. ვასწავლი ახალი ამბების გაშუქებას, ვასწავლი საარქივო მასალებთან მუშაობს. მყავს ერთი შვილი, რომელიც არის 9 წლის.

– ახლა ის გვითხარით რატომ ჩაერთეთ პოლიტიკაში?

– პოლიტიკაში პირველ რიგში ჩავერთე იმიტომ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის მიდის ომი. ადამიანებს ჰგონიათ, რომ ომი მხოლოდ სამხედრო ოპერაციაა. 21-ე საუკუნეში ამ ყველაფერმა ციფრულ ფორმატში გადაინაცვლა. რუსეთთან რომ საინფორმაციო ომს ვაგებთ, ეს ჩემთვის ძალიან ცხადია. ამის წინააღმდეგ საერთაშორისო კონფერენციებზე გამოსვლით და პუბლიკაციებით ვიბრძოდი. მერე მივხვდი რომ ეს საკმარისი არ იყო და გადავწყვიტე უფრო მეტი გამეკეთებინა.

არქივში არის დაცული ილია ჭავჭავაძის და პატრიარქ კირიონ მეორის მკვლელობის საქმეები. იქ დაცულია ძალიან ცნობილი ადამიანების საქმეებიც. მივხვდი რომ საჭირო იყო ამ საქმეების ადამიანებამდე უცვლელად მიტანა. საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაიგონ, თუ რა არის საბჭოთა ეპოქა.

– რატომ არის და არა იყო?

– ამ არჩევნებზე ჩვენ თუ სწორი დასკვნები არ გავაკეთეთ, საქართველო რუსეთის ჩვეულებრივი გუბერნია გახდება. რასაც საქართველო თავის იდენტობით უკვე ვეღარ გადაიტანს. ამიტომ გადავწყვიტე ჩავრთულიყავი პოლიტიკაში. პოლიტიკაში ჩავერთე სამეგრელოდან.

– სამეგრელოდან რატომ?

– სამეგრელოში ბევრი ისეთი პროცესი მიდის, რომ პოლიტიკაში წასვლა გადამაწყვეტინა. ის პროცესები, რაც ამ რეგიონში მიდის და პირველ რიგში მისი ისტორიის გაყალბება, მაძლევს გონივრული ეჭვის საფუძველს რომ საქართველოს დაშლა ენობრივ-ეთნიკურად სწორედ სამეგრელოდან დაიწყება. აფხაზეთის დაბრუნების გასაღები სამეგრელოში დევს.

სამეგრელოს და მისი ისტორიის პოპულარიზაციის და ამ მხარეში განათლების პროპაგანდამ გადამადგმევინა ნაბიჯი პოლიტიკისკენ.  მე უკვე დავინახე რომ ჩემი გადადგმული ნაბიჯი სწორია და ამიტომ უკან არ დავიხევ.

საოკუპაციო გამყოფ ხაზზე საქართველოს ხელისუფლებამ სტატუსი წაართვა რამდენიმე სოფელს. ეს არის ფახულანი, ჭალე, მუჟავა. შესაბამისად სტუდენტებს, რომლებიც ამ სოფლებიდან არიან, შეუჩერდათ დაფინანსება. ჩავერთე პროცესებში. მქონდა რამდენიმე საჯარო გამოსვლა. ათჯერ მაინც ჩავედი ამ სოფლებში. შევხვდი მოსახლეობას. თავიდან ადამიანებს ეშინოდათ შეხვედრებზე მოსვლა. კამერასთან გამოჩენას ყველა ერიდება. ქუჩა-ქუჩა და შუკა-შუკა ვეძებდი ადამიანებს, ვინც დამელაპარაკებოდა. ვიპოვე და მერე ერთად დავიწყეთ ბრძოლა სოფლებისთვის სტატუსის აღდგენისთვის.

მივაღწიეთ იმას რომ ფახულანში სტუდენტებს დაფინანსება აღუდგათ. ჭალეში არ მოხერხდა. ამ სოფელში დარჩენილია 5 სტუდენტი. ვიბრძვი რომ მათაც აღუდგეთ დაფინანსება. სტატუსის აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენს ხელისუფლებას დეკლარირებული აქვს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია, მაგრამ რეალურად საოკუპაციო პოლიტიკას ატარებენ.  გარე ოკუპაციას შიგნიდან უწყობენ ხელს. ოკუპაციის სიტყვის ხსენებისაც ეშინიათ. ჯანაშიას მუზეუმში მდებარე ოკუპაციის დარბაზის გაუქმებასაც კი აპირებდნენ. რუსეთი ითხოვდა ამას.

ახალგაზრდებს შეხვედრებზე ვეკითხებოდი რომ მათ სტატუსის აღდგენის გარდა რა უნდოდათ. ჭალეში ახალგაზრდებმა მითხრეს, რომ მათ სოფელში გახსნილიყო ბიბლიოთეკა. ამ სოფელს არ ეტყობა რომ გარეთ 21-ე საუკუნეა. ახალგაზრდებს სურდა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორ გიორგი კეკელიძესთან შეხვედრა.

მეორე დღესვე დავუკავშირდი გიორგი კეკელიძეს და ვთხოვე რომ საოკუპაციო ზოლში რამდენიმე პუნქტში გაგვეხსნა ბიბლიოთეკა. მინდოდა რომ ჭალეში ბიბლიოთეკა სკოლაში გახსნილიყო და სკოლა გამხდარიყო კულტურის ცენტრი. სადღაც 2 კვირაში ჩვენ ჩავედით ჭალეში და ჩავიტანეთ უძვირფასესი ბიბლიოთეკა. 500-მდე არა რიგითი ავტორების წიგნები ჩავიტანეთ. სკოლაში წარჩინებული მოსწავლისთვის ყოველთვიური 100 ლარიანი სტიპენდია დავაწესეთ. იგივეს გავაკეთებთ ფახულანსა და წალენჯიხის ახლადგახსნილ სკოლაში.

მინდა იცოდეთ რომ საკმაოდ დიდ წინააღმდეგობას წავაწყდით. რესურსცენტრი მოგეხსენებათ რომ ყველა სასკოლო პროცესს აკონტროლებს. მათი შემოთავაზება იყო ასეთი – წინააღმდეგი არ არიან ეს საჩუქარი მიიღონ, მაგრამ იქნებ რომელიმე ოჯახში დავასაწყბოთ და მერე ისინი შეიტანენ სკოლაში. რისი კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. არის რაღაც ზეპარტიული თემები. ერთ-ერთი ასეთი არის განათლება.

პოლიტიკაში ჩემი მოსვლის მთავარი მიზეზებია დეოკუპაცია და განათლების დეპოლიტიზება. სკოლებს უნდა ჰქონდეთ ავტონომიურობა.

სამეგრელოში ბევრ შეხვედრებს ვმართავ და აღმოვაჩინე, რომ მისი ისტორია ამ კუთხის მაცხოვრებლებმაც არ იციან. ჩხოროწყუში არის ძალიან ლამაზი სოფელი, რომელსაც ჰქვია “მოიდანახე”. ამ სოფელში დასავლეთ საქართველოში პირველი ქართული სკოლა გაიხსნა. ეს მოხდა 1916 წელს.

ჩოროწოყუში დარგულია ჭაობის კიპარისი. დავინტერესდი საიდან მოხვდა ეს კიპარისი სამეგრელოში. ერთი ძალიან ლამაზი და სევდიანი ისტორია მოვისმინე. ერთმა კაცმა ბერიასგან მიიღო დავალება, წასულიყო ციმბირში და იქედან ჩამოეტანა ქარსაფარი ხე. წავიდა ეს კაცი და ჩამოიტანა ჭაობის კიპარისი. მოგეხსენებათ რომ კოლხეთი ჭაობიანი ადგილია. დარგეს ეს კიპარისები იმ ადგილის გაყოლებაზე, სადაც ჩაი ეთესა. სადღაც 2 თვეში კიპარისებმა ფოთლები ჩამოყარა. ეს კაცი ბერიამ დაიბარა და დახვრიტა. ორი კვირის შემდეგ, ამ ხემ ისევ მოისხა ფოთოლი და მთელი წლის განმავლობაში ფოთოლს არ კარგავს. ამ კიპარისებმა ქარდამცავი ზოლის ფუნქცია მშვენივრად შეასრულეს.  ეს სევდიანი ისტორიაც კარგად მიგვანიშნებს, თუ რა იყო საბჭოთა სისტემა და როგორ არაფერს ნიშნავდა მათთვის ადამიანის სიცოცხლე.

ბაბუაჩემი წალენჯიხაში იყო მთავარი ექიმი. ჩემთვის სულერთი არაა როგორი ჯანდაცვის სისტემა იქნება ქვეყანაში. სურვილი მაქვს რომ ეს სისტემა ხალხის სამსახურში ჩავაყენო. წალენჯიხაში არ არის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემა. ევექსმა აქაურობის მონოპოლიზება შეძლო.

ის რაც ბაბუაჩემმა ააწყო, სრულად დაშლილია. დღეს წალენჯიხას არ ჰყავს ერთი რადიოლოგი, ერთი გინეკოლოგი, ერთი ანესთეზიოლოგი. ეს იმას ნიშნავს რომ აქ სერიოზული პრობლემებია. წარმოიდგინეთ რა დღეში აღმოჩნდება მშობიარე. რომელიც ზუგდიდში უნდა გადაიყვანონ. აქედან ზუგდიდამდე ჩასვლას მანქანით 25 წუთი სჭირდება. არც ომ ადამიანს გაუმართლა, ვინც უბრალოდ ხელს გაიჭრის. აქ ქირურგიც კი არ ჰყავთ. სამაგიეროდ 130 ლარი ღირს ერთი გადასხმა.

განათლების მხრივ ისედაც მძიმე ვითარება იყო და პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა სურათი. სწავლა მოგეხსენებათ რომ დისტანციურად მიდის. წალენჯიხაში ყოველ მეორე ოჯახს არ აქვს ინტერნეტი. სახელმწიფო რომელიც გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე და არ კითხულს, აქვთ თუ არა ყველას ინტერნეტი, ეს იმას ნიშნავს რომ მისთვის განათლება პრიორიტეტი არ არის.

წალენჯიხა, მარტვილი, აბაშა, ჩხოროწყუ ფეხით მაქვს მოვლილი. ვიცი თითოეული ოჯახი რითი ცხოვრობს. ვიცი აქვთ თუ არა მათ ინტერნეტი. ვიცი აქვთ თუ არა მათ მინიმუმ 2 კომპიუტერი, როდესაც ოჯახში სამი და მეტი შვილი ჰყავთ.

ჩემი შვილი თბილისის კერძო სკოლიდან გამოვიყვანე და წამოვიყვანე წალენჯიხაში. ბარგს რომ ვალაგებდით ბავშვმა ცეკვის ნივთები ჩაალაგა. ავუხსენი რომ აქ ცეკვის წრე არ იქნებოდა. ცურვის ნივთების ჩალაგება რომ დაიწყო, ავუხსენიო რომ ცურვაც არაა. ფეხბურთის ნივთების ჩალაგე3ბა რომ დაიწყო, ვუთხარი რომ იქ ფეხბურთის წრე არაა. ამის შემდეგ ბავშვმა მკითხა, დარწმუნებული ხარ რომ სკოლა არისო.

წალენჯიხაში ბავშვმა სწავლა რომ დაიწყო, მის პედაგოგს ვუთხარი ფეისბუქში ჯგუფში დამამტეთ და იქ ჩამიგდეთ გაკვეთილები. მასწავლებელმა მითხრა რომ მას არ შეუძლია, რადგან არ იცის ინტერნეტის მოხმარება.

მე წალენჯიხაში არავის საბანკო ანგარიშების შემოწმებას არ ვაპირებ. ჩემთვის მთავარია რომ სამეგრელო გადარჩეს. რაც ჩემზეა დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ.

თაიმერი

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიგეგუთის ციხეში კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევები აღმოფხვრილია
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი გერგეტის სამების ტაძარს სტუმრობდა