გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა არ გამორიცხავს, რომ მისი შვილის “მკვლელობა” ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეს უკავშირდებოდეს.
სკანდალური განცხადება თეონა თამაზაშვილმა TV პირველის ეთერში გააკეთა და თქვა, რომ გამოძიების ჩაფარცხვას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყობდა ხელს.
“მკვლელობას ვუკავშირებ იმას, რომ თამუნამ კომპიუტერში რაღაც ნახა, არ ვიცი შემთხვევით, ან ვიღაც დაეხმარა – გაიგო მასშტაბური სიმართლე, რაც არ უნდა გაეგო. თუნდაც რამდენიმე მაღალჩინოსანზე, რასაც თავიდანვე ვიძახდი. საჭირო გახდა თამუნას მოშორება, ის მოჩხუბარი ბიჭი არ იყო, გარჩევაში რომ მოეკლათ. დაიწერა სცენარი, სახლიდან გაეყვანათ და ჩუმად მოეკლათ…
თუდაც პირბადეზე აღმოჩენილ უცხო დნმ-ზე არ მაქვს პასუხი. ბავშვი შავი მაისურით გავიდა და პროზექტურაში ტეთრი ფითქინა მაისურით მოხცვდა, რომელსაც არცერთი ლაქა არ ჰქონდა. ყიდულობს ელექტროშოკერს, უკავშირდება თეონა ყურუას და ეძებს პოლიტიკურ თავშესაფარს. იმეგობრებს ჟურნალისტებს, თადარიგს იჭრრდა, რადგან მარტო ებრძოდა სისტემას”, – აცხადებს თეონა თამაზაშვილი.
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი პროგრამისტის დედა დარწმუნებულია, რომ “შეკვეთილ მკვლელობაში მაღალჩინოსნები ფიგურირებენ”.
თეონა თამაზაშვილის თანახმად, “უპრეცედენტო თანხა დაიხარჯა თამუნას ამბის ჩაფარცხვისთვის”. მისი ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ, თეთრიწყაროში კონკრეტული ადამიანი დადიოდა, “ზოგს დაემუქრა, ზოგი დააშინა, ზოგი კი მოისყიდა”.
“თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ირაკლი შოთაძე [ყოფილი გენერალური პროკურორი] ამ საქმეს ფარცხავდა. მერე ადგა, დაწერა განცხადება და წავიდა, ვითომც არაფერი – მასაც მოეთხოვება. თავიდანვე იცოდა, ვისთან ჰქონდა საქმე. თუნდაც გრიგოლ ლილუაშვილზე, როცა ვიძახდით, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრებს კურირებდა, სასაცილოდ არ ყოფნიდა მავანს, დღეს ხომ დარწმუნდნენ, რომ სამართალდამცავებთან კი არა, ბოროტმოქმედებთან გვქონდა საქმე”, – დასძინა ბაჩალიაშვილის დედამ.
შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.















