,,თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტიკური პატიმარი ვიყავი“- ჩაბუქის პირველი კომენტარი

თამამად შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკური პატიმარი ვიყავი, – ამის შესახებ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულმა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა სასამართლოს შენობასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ლეგალურად თუ არალეგალურად, ის რომელიმე ტეროტრისტული დაჯგუფების წევრი ან მომხრე ვერ იქნებოდა.

“მე ვარ მასწავლებელი და ვარ შეყვარებული განათლებაზე. 15 წელია საქართველოში ვმოღვაწეობ იმ პრინციპით, რომ ბავშვებში სიყვარული და მეგობრობა იყოს ჩანერგილი. მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ ტერორიზმის. ათასობით მოსწავლე მყავს საქართველოში და ჩვენი პროექტები, ჩვენი მოღვაწეობა ყოველთვის დადებითად ფასდებოდა. მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო მოხელეებთანაც, განათლების სამინისტროსთანაც ჩემი საქმიანობა დადებითად ფასდებოდა. ლეგალურად თუ არალეგალურად, მე ვერ ვიქნები რომელიმე ტერორისტული დაჯგუფების წევრი ან მომხრე. მე მოვაწყობ ბრიფინგს და დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკური პატიმარი ვიყავი”, – განაცხადა ჩაბუქმა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქმა მადლობა გადაუხადა უჩა ნანუაშვილს, ნინო ლომჯარიას, ევროკავშირისა და მედიის წარმომადგენლებს. მედიას ასევე, მადლობა გადაუხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლემ თუბა ჩაბუქმა.

“მიჭირს ჩემი გრძნობების გამოხატვა. ახლა მნიშვნელოვანია შვილებს შევხვდეთ, ბავშვებმა ამის შესახებ არ იციან. მადლობა მედიას”, – აღნიშნა თუბა ჩაბუქმა.

დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურორის შუამდგომლობა ჩაბუქისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ დააკმაყოფილა. პროკურატურა 10 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, სასამართლომ კი, გირაოს რაოდენობა 1000 ლარზე განსაზღვრა.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან შეურაცხყოფას, ჯგუფურ ჩაგვრას, ამხანაგურ სასამართლოს, ცილისწამებას და ორღობის ჭორაობას აქვს ადგილი
შემდეგი სტატიაექსტრადირების საკითხზე სასამართლო პროცესები გაგრძელდება, თუმცა ჩაბუქი საპატიმრო დაწესებულების გარეთ იქნება