თალაკვაძემ სამადაშვილს საპატიმროში რურუას მონახულების მოთხოვნა დაუკმაყოფილა

ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა განცხადებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, რათა მან საპატიმროში მთავარი არხის მეწილის გიორგი რურუას მონახულების მოთხოვნა დაუკმაყოფილა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული თხოვნა პარლამენტის თავმჯდომარემ დააკმაყოფილა. სამადაშვილს კოვიდ19-ზე PCR ტესტის გაკეთების შემთხვევაში, უსაფრთხოების წესების დაცვით, შეუძლია გიორგი რურუას მონახულება.

თავის მხრივ, სამადაშვილი აცხადებს, რომ რურუას მონახულების მოთხოვნა მას შემდეგ დაუკმაყოფილეს, რაც შეხვედრის მოთხოვნაზე უარი გაასაჯაროა.

გუშინ, 2 ნოემბერს რურუას პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები თავს დაესხნენ. რურუაზე თავდასხმას ხელისუფლების დაგეგმილს უწოდებს მთავარი არხის მეწილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი და ამ ყველაფერს არჩევნებს უკავშირებს.

რურუაზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ მომხდარზე დაუყოვნებლივ გაიგზავნა შეტყობინება საგამოძიებო ორგანოში, და დაიწყო გამოძიება. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად გიორგი რურუას აღენიშნება სისხლნაჟღენთები სახის არეში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ “მთავარი არხის” მეწილე 30 ივლისს დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გიორგი რურუას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ძალაში შესული განაჩენის, ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა, მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 2020 წლის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილია, თუმცა მმართველი გუნდი ამ პირობას დღემდე არ ასრულებს.

banner
წინა სტატიაშიმაია ცქიტიშვილი – გიორგი გახარია თავს კარგად გრძნობს, დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა
შემდეგი სტატიაპროკურატურამ გადაწყვეტილება შეცვალა, ის მელიასთვის 100 000 ლარიან გირაოს ითხოვს