თალაკვაძე: ვადამდელი არჩევნები საფუძვლის გარეშე არ ინიშნება

ვადამდელი არჩევნები საფუძვლის გარეშე არ ინიშნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ ქვეყნისთვის საჭირო რეფორმებს.

„ვადამდელ არჩევნებზე ჩვენი პოზიცია ძალიან კარგად იცით. რა თქმა უნდა, არც ერთ დემოკრატიაში საფუძვლის გარეშე ვადამდელი არჩევნები არ ინიშნება. ჩვენ ოპოზიციას შევთავაზეთ, რომ ერთად შეგვესწავლა, თუნდაც მათი ხელმძღვანელობით გამოგვეძიებინა ფაქტები, რაზეც ისინი აპელირებდნენ და ბრალდება, რომელსაც ისინი ასახელებდნენ. ამაზე უარი თქვეს, ამიტომ დღეს ჩვენ უკვე გადასული ვართ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაზე, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო მომავალ რეფორმებს. ძირითადი ძალისხმევა, ძირითადი დრო ჩვენ დავხარჯეთ სწორედ ამ საკითხების და ამ რეფორმების განხილვაზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღევანდელ შეხვედრაში პოზიტიური იყო ის, რომ ჩვენ მეტი დრო დავხარჯეთ საერთო საკითხების და საერთო არგუმენტების მოძებნაზე, პოზიციების შეთანხმებაზე, ვიდრე დაპირისპირების საკითხებზე და განსხვავებების ძებნაზე ჩვენს პოზიციებს შორის. გუშინაც განვაცხადე და დღესაც ვამბობ, რომ დიალოგის ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ჩვენ მოვძებნოთ საერთო პოზიციები და არა განსხვავებები ჩვენს შორის, რომელიც არის უამრავი და არის ძალიან ბევრი საკითხი, რომელზეც რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევთანხმდებით ვერც მომავალში, თუ ამას პოლიტიკურ ჭრილში არ განვიხილავთ. ამასთან, ხაზგასმით ვამბობ, რომ პოზიციები ქვეყნისა და საზოგადოებისთვის საჭირო საკითხებზე არის ძალიან დაახლოებული. პრინციპში შეთანხმებისთვის ეს საკითხები მზად არის დღევანდელი დისკუსიის შემდეგ და ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში, რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ნამდვილად არის შესაძლებელი, თუ ოპოზიცია პრაგმატულ ნაბიჯებს გადადგამს და სიტუაციას რეალურად შეაფასებს, რომ ეს შეთანხმება შედგეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მოლაპარაკებებში ჩართულია იმიტომ, რომ პატივს სცემს იმ თანამოქალაქეებს, ვინც ოპოზიციურ პარტიებს დაუჭირა მხარი.

როგორც სახელისუფლებო გუნდი ჩვენს პასუხისმგებლობას სრულად განვახორციელებთ, ასევე მინდა ვთქვა, რომ ნურავინ წარმოიდგენს ისე, რომ თითქოს ჩვენ რომელიმე ოპოზიციონერს, ვინც დღეს იყო აქ მოსული, „ქართული ოცნება“ სთხოვს, რომ გინდა თუ არა პარლამენტში შემოვიდეს. ჩვენ ამ მოლაპარაკებებში ჩართული ვართ იმიტომ და ვხარჯავთ ძალისხმევას იმიტომ, რომ პატივს ვცემთ ჩვენს იმ თანამოქალაქეებს, ვინც ოპოზიციურ პარტიებს დაუჭირა მხარი. თუმცა აქვე, მინდა ძალიან მკაფიოდ ვთქვა, რომ ჩვენ ასევე ძალიან ვუფრთხილდებით ჩვენი მხარდამჭერების არჩევანს და „ქართული ოცნება“ არ გადადგამს ნაბიჯს, რომლითაც შეიძლება, ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი მხარდამჭერების ნდობა დადგეს დარტყმის ქვეშ. პანდემიის მიუხედავად, ორ მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღო ამ არჩევნებში მონაწილეობა. შესაბამისად, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, რა საკვირველია, ჩვენ მივიჩნევთ, რომ მოთხოვნის განხილვა თუნდაც არჩევნებთან დაკავშირებით არის უსაფუძვლო. მიხარია, რომ შეთანხმების ტექსტი საბოლოო ჯამში იღებს ისეთ სახეს, რომელიც უფრო სამართლიანად გამოხატავს პოზიციებს ყველა საკითხზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია – ოპოზიციისგან იმ შემთხვევაში იქნება კომპრომისი არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლაზე, თუ შესვლა ემსახურება ვადამდელი არჩევნებისთვის მომზადებას და გათავისუფლდებიან პოლიტიკური პატიმრები
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: საქართველო უნდა გადავარჩინოთ, საქართველო გვყავს გადასარჩენი და საერთოდ არ მაინტერესებს არავის აზრი