თალაკვაძე – სირცხვილია, როდესაც საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ და საუბრობ პრობლემებზე, რომლებზეც შენც გეკისრება პასუხისმგებლობა

სირცხვილია, როდესაც საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ და საუბრობ პრობლემებზე, რომლებზეც შენც გეკისრება პასუხისმგებლობა, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ექვსი წევრის მიერ პარტიის დატოვება.

თალაკვაძემ გიორგი გახარიას გუნდის წევრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არასწორი უწოდა.

„თქვენ ნახეთ ყველამ საჯარო ბრიფინგი. პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ეს არის არასწორი გადაწყვეტილება და ის არათანმიმდევრული დამოკიდებულება, რომელიც გიორგი გახარიამ გამოავლინა ბოლო რთული გადაწყვეტილების მიღების დროს და გუნდთან ურთიერთობაში, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა.

სამწუხაროა, რომ ჩვენმა კოლეგებმა პირადი ურთიერთობები აირჩიეს იმ სახელმწიფო ინტერესების და მიზნების ნაცვლად, პირობის ნაცვლად, რომელიც ჩვენ ერთად მივეცით საზოგადოებას და რაზეც ერთად გვქონდა აღებული პასუხისმგებლობა არჩევნების დროს.

რა თქმა უნდა, ჩვენ დაველოდებით, ვნახავთ, რა პოლიტიკურ პარტიას შექმნიან, რა იქნება მათი პოზიციონირება, არსებობს ძალიან ბევრი კითხვა და ამ კითხვებზე პასუხი იქნება გასაცემი. ვფიქრობ, რომ ეს არის არასწორი გადაწყვეტილება და მაშინ, როდესაც არსებობს გამოწვევები, რაზეც თვითონ ისაუბრეს, გუნდის პასუხისმგებლობაზე მითითება და საკუთარი პასუხისმგებლობისგან თავის გათავისუფლება და ამის მცდელობა, ვფიქრობ, რომ ეს არის მიუღებელი. ასეთი ნაბიჯი არის გაუმართლებელი, უბრალოდ სირცხვილია, როდესაც შენს საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ, გადიხარ აქედან და საუბრობ ზუსტად იმ პრობლემებზე, რომლებზეც შენც გეკისრება პასუხისმგებლობა და შენც გაქვს ვალდებულება, რომ ამის მოსაგვარებლად იმუშაო. მე გარწმუნებთ, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში ექნება ძალიან მყარი უმრავლესობა, ჩვენ შევძლებთ გადაწყვეტილების მიღებას.

თალაკვაძის თქმით, „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველთვის იყო ორიენტირებული პოლიტიკური ველის გაჯანსაღებაზე.

„მეორე მხრივ, ცხადია, როდესაც ოპოზიცია იქცევა ისე უპასუხისმგებლოდ და განსაკუთრებით რადიკალური ნაწილი, როგორც ბოლო თვეების მანძილზე საზოგადოება ხედავს, ყველანაირად ცდილობენ, რომ უარი თქვან ნორმალურ პოლიტიკურ პროცესზე და ისინი უარს ამბობენ, იყვნენ ოპოზიცია, ანუ ოპოზიციას არ სურს იყოს ოპოზიცია. ამ ფონზე, რასაკვირველია, ეს პროცესები და ეს გადაწყვეტილებები არის ზუსტად ის ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ უნდა დავაკვირდეთ. რომელსაც ჩვენ დავაკვირდებით დიდი ყურადღებით და ჩვენ ყველაფერზე აბსოლუტურად გვექნება ძალიან ადეკვატური რეაგირება.

დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი გახარიამ იხელმძღვანელა პირადი ინტერესებით და მან თავისი მეგობრებიც დაარწმუნა ამაში მაშინ, როდესაც კონსოლიდაცია, მაშინ როდესაც ერთობლივი გადაწყვეტილებები, მაშინ როდესაც ერთად მუშაობა იყო ყველაზე საჭირო, მან დატოვა გუნდი, შემდეგ კი მისმა მეგობრებმა დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი და შალვა კერესელიძე დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძობენ მუშაობას. „გიორგი გახარიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, ექვსი დეპუტატი გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუდუმაშვილი – „ქართულ ოცნებაში“ დიდი ხანია, მიმდინარეობს რღვევის პროცესი
შემდეგი სტატიათალაკვაძე – გიორგი გახარიასთან კონკურენციის საკითხი დამოკიდებული იქნება, რა პარტიას შექმნის და რა პოლიტიკურ პლატფორმას აირჩევს