თალაკვაძე: შესაძლოა, პარლამენტში ვიხილოთ კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია

„პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგს და ჩვენი სურვილი არის, რომ ხალხის არჩევანი, ჩვენი მოქალაქეების არჩევანი სრულად აისახოს პარლამენტში. სწორედ ამ მიზნით, დღეს შეხვედრა გვქონდა პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლებთან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ შეხვედრის შემდეგ არის ის, რომ პოზიციები საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით არის იმდენად დაახლოებული, ვფიქრობ, ეს შესაძლოა, გახდეს შეთანხმების საგანი და დასრულდეს უკვე პოზიტიური შედეგით. ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, რომ პარლამენტში ვიხილოთ კიდევ ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია. რა თქმა უნდა, განვაგრძობთ მუშაობას დეტალებთან დაკავშირებით, დავაზუსტებთ კიდევ რამდენიმე დეტალს. მთავარი არის ის, რომ ამ მოლაპარაკების ფარგლებში კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპს აქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა რამდენიმე საკითხზე, რომელიც საარჩევნო რეფორმას ეხება.

„მოგეხსენებათ, ეს არის პირველ რიგში, ბარიერის დაწევის საკითხი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ეს არის უფრო დაზუსტებული რეგულაციები საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით. ეს არის ახალი ტექნოლოგიების შემოტანა საარჩევნო პროცესში, როგორიც არის მაგალითად ელექტრონული მთვლელების გამოყენება და როგორიც არის მაგალითად თითის ანაბეჭდებით რეგისტრაცია. სხვა მნიშვნელოვანი საკითხები ეხება რა თქმა უნდა ცესკო-ს დაკომპლექტების წესს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც პარლამენტში მონაწილეობს პროცესში და პარლამენტში შესულია, იყოს იქ წარმოდგენილი. სხვა არაერთი საკითხი დგას დღის წესრიგში“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, იმედი აქვს, რომ ამ მოლაპარაკების შედეგად პარტია „მოქალაქეებთან“ შეთანხმდებიან და აღნიშნა, რომ „ეს შეთანხმება ღია არის სხვა პოლიტიკური პარტიებისთვისაც“.

„ვისაც მიაჩნია, რომ ის სამართლიანი პირობები, რაც პირველ რიგში ნიშნავს, რომ არჩევნებთან დაკავშირებული პრეტენზიები გადავამოწმოთ ერთად, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში პარლამენტში და მეორე, მომავალ თვითმმართველობის არჩევნებს შევხვდეთ კიდევ უფრო გაუმჯობესებული კანონმდებლობით, კიდევ უფრო უკეთეს გარემოში. ეს ორი მნიშვნელოვანი საკითხი დგას დღეს ჩვენს წინაშე. მოლაპარაკებების მაგიდაზე დევს ეს ორი საკითხი და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამაზე პოზიტიური შეთანხმება მოხდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვირუსის ბლოკატორები