თალაკვაძე: შერიგება თუ შესაძლებელია, ის სამართლიანობას უნდა ეფუძნებოდეს

„ნაციონალური მოძრაობა“ შერიგებას იქ ეძებს, სადაც სინამდვილეში არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური შეთანხმებისა და სტაბილურობის მთავარი საფუძველია, რომ „ნაციონალური მოძრაობამ“ არჩევნების შედეგებს პატივი სცენ და საპარლამენტო პროცესებში ჩაერთონ.

როგორც არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, შერიგება პირველ რიგში, სამართლიანობას უნდა ეფუძნებოდეს.

„პოლიტიკური შეთანხმებისა და სტაბილურობის მთავარი საფუძველია, რომ მათ პატივი სცენ საზოგადოების არჩევანს და არჩევნების შედეგებს, ჩაერთონ საპარლამენტო პროცესებში და შეასრულონ ოპოზიციის როლი, რაც არჩევნებით უკვე მერამდენედ დაეკისრათ. მათი მხრიდან საწინააღმდეგო ნაბიჯებს ვხედავთ, არიან დესტრუქციის რეჟიმში, დაკავებული არიან რეალობის გადაკეთებით და ისეთი მანიპულაციებით, რაც დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელი და დამაზიანებელია. მათი განცხადებები და რეალური მოქმედებები დიამეტრალურად ერთმანეთს აცილებულია. მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი ცდილობენ, მართლმსაჯულებას ყველანაირი მეთოდებით, მათ შორის ხალხში რაღაც სენტიმენტებით და თანაგრძნობის გამოწვევით თავი დააღწიონ. თუ შერიგებაა შესაძლებელი, ეს პირველ რიგში, სამართლიანობას უნდა ეფუძნებოდეს და იმას, რომ ვინც დააშავა, ადამიანები დაჩაგრა და დაამცირა, პასუხი აგოს მართლმსაჯულების წინაშე. როგორ წარმოგიდგენიათ, მიხეილ სააკაშვილის შერიგება იმ ადამიანთან, ვისი ოჯახის წევრებიც მოკლეს, წამებას დაექვემდებარნენ, განსხვავებული აზრის გამო სდევნიდნენ და ციხეებში ჰყავდათ გამომწყვდეული? საზოგადოებას შერიგებას რა პირით ეუბნებიან? – ამ აქტში მთავარი ფარისევლობა ეს არის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშილილუაშვილი: ნაციონალური მოძრაობის და ასევე ხელისუფლების ქმედებები, სისტემურ საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას
შემდეგი სტატიახაბეიშვილი კობახიძის განცხადებაზე: მათი მთავარი საზრუნავი არის მთავარი ოპონენტის გაყვანა პოლიტიკური სივრციდან