თალაკვაძე: საქართველოს კონსტიტუციაში უწერია ევროპული არჩევანი და ეს მიზანი არ და ვერ შეიცვლება ვერანაირ მოცემულობაში

„საქართველოს კონსტიტუციაში უწერია ევროპული არჩევანი და ეს მიზანი არ და ვერ შეიცვლება ვერანაირ მოცემულობაში – გვეამაყება, რომ საქართველოს მოქალაქეების უდიდეს ნაწილს ეს მიზანი გვაერთიანებს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველოს ევროპული არჩევანი ისტორიულია და ის არცერთ ოპოზიციურ ლიდერს ან ადამიანს არ ეკუთვნის. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გამოეხმაურა გუშინ გამართულ აქციასაც და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი გაცილებით მეტ ადამიანს აერთიანებს.

„ საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც ევროინტეგრაციის გზაზე ვდგამთ ახალ ხელშესახებ ნაბიჯებს, ყველას გვახსენდება ზურაბ ჟვანიას სიტყვები: „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი“. საქართველოს ევროპული არჩევანი არის ისტორიული და ის ცალკე არცერთ ოპოზიციურ ლიდერს და არცერთ ადამიანს არ ეკუთვნის. ეს არის ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების გადაწყვეტილება, რომელიც არაერთხელ, სხვადასხვა თაობამ უკვე გაახმოვანა. მშვიდობიანი მანიფესტანტების ქურქებში გამოწყობილ რადიკალებს, რომლებიც გუშინ უკანა რიგებში იმალებოდით, რომ ხალხს არ დაენახეთ, რადგან ისინი კარგად გიცნობენ, მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი და ევროპული იდეა გაცილებით მეტ ადამიანს გვაერთიანებს. მათ შორის, ბევრი გუშინ იდგა რუსთაველზე, ასევე, ბევრიც გუშინ იდგა საზღვრებზე და იცავდა ქვეყანას, ბევრი იცავდა წესრიგს და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებას, ბევრიც სასწრაფოს ავტომობილში მორიგეობდა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ყველა პარტიამ უნდა გადახედოს საკუთარ ისტორიას, ვინ რა გააკეთა ევროპული მომავლისთვის.

„ყველა პარტიამ თავის ისტორიას გადახედოს, რეალურად ვინ რა გააკეთა ამ ქვეყანაში ევროპული, იმიტომ, რომ ევროპა არის ადამიანის უფლებების პატივისცემა, ევროპა არის განათლება და ჯანდაცვა, ევროპა არის სიტყვის თავისუფლება და მრავალფეროვანი მედია. ევროპა არის კანონის უზენაესობა, საკუთრების უფლების დაცვა და ბიზნესის თავისუფლება, ევროპა არის პოლიტიკური პლურალიზმი და წარმომადგენლობითი პარლამენტი. ევროპა არის არჩევნების შედეგების პატივისცემა და არა ბოიკოტი. ევროპა არის უნარი, რომ ახლის ასაშენებლად არ დაანგრიო რაიმე უფრო მნიშვნელოვანი. ევროპა არის სტაბილურობა, უსაფრთხოება, როცა მოქალაქეებს პროგნოზის გაკეთება შეუძლიათ უსაფრთხო, მშვიდობიან მომავლს როცა ხედავს საზოგადოება – ეს არის ევროპა.

ეს ჩამონათვალი შემთხვევით არ გამიკეთებია. ყველა კარგად დავფიქრდეთ, მართლა, ვინ რა გააკეთა ამ მიმართულებით. მაგრამ, ახლა მომავლისკენ უნდა გავიხედოთ. როცა რეგიონში ომია და დიდი გამოწვევების წინაშე ვართ, მშვიდობა და ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ აუცილებლად. რაც ქართული და ევროპული გაკეთდა საქართველოში, კი არ დავგმოთ და გავანადგუროთ, არამედ უნდა დავიცვათ, შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ. სწორედ ეს დაგვეხმარება ევროპულ გზაზე.

ხელისუფლება განვაგრძობთ თანამშრომლობას ევროკავშირთან და სწრაფვას საერთო ევროპული ოჯახისკენ, საზოგადოების უდიდესი მხარდაჭერა ამ მიმართულებით დიდ მოტივაციას გვაძლევს. ამ რთულ მომენტშიც, წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მეგობარ უკრაინას და მოლდოვას. შევხვდებით ევროპაში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მადრიდის სამიტზე მიიწვია
შემდეგი სტატიაზარქუა – „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა, აქცია თავისზე გაეფორმებინა, მაგრამ ახალგაზრდებმა ტრიბუნაზე არ აუშვეს, სააკაშვილზე ატანილი ბანერი კი, უკან ჩამოაბუნძულებინეს