თალაკვაძე – სააკაშვილი არის ადამიანი, რომლის დავალებითაც გაქრა და დაიღუპა ასობით მოქალაქე, ამის გათეთრება და გადაღებვა შეუძლებელია

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე რაც უფრო მეტს ისაუბრებს, საზოგადოება, განსაკუთრებით, ახალი თაობა დაინახავს, რომელ პარტიასთან აქვს საქმე და ვინ არის ამ პარტიის ლიდერი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, დღეების განმავლობაში, საზოგადოება საკუთარი თვალით ხედავს, რეალურად, როგორი ადამიანი ხელმძღვანელობდა ქვეყანას და სინამდვილეში, ვინ იყო მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია.

„განცხადებები, რაც სასამართლო პროცესზე მოვისმინეთ, ნათლად ადასტურებს, რომ ელიტური კორუფცია, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და სახელმწიფო ინსტიტუტების ვერტიკალური კონტროლი მხოლოდ პრეზიდენტის მხრიდან ჩვეულებრივი ამბავი იყო. დღეს ვუყურებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, მისი პოლიტიკური გუნდის წევრები, რომელთაც ასევე აქვთ პასუხისმგებლობა ყველა იმ დანაშაულზე, რაც სააკაშვილის მთავრობის დროს იყო ჩადენილი, ზოგიერთი ტელევიზიებს ამოფარებულია, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციების მანტიის ქვეშ მიხეილ სააკაშვილის გადაღებვას და მის განახლებას ცდილობენ, თუმცა მისი განახლება არის შეუძლებელი. ის საუბრობდა როგორც ყოფილი დიქტატორი, ვისი დავალებითაც ღამ-ღამობით ბიზნესებს პროკურატურაში იბარებდნენ და ადამიანები საკუთარ ქონებას სახელმწიფოს იძულებით ჩუქნიდნენ. ეს არის ადამიანი, ვისი დავალებითაც გაქრა და დაიღუპა ასობით ადამიანი საქართველოში, ასევე ციხეში ასობით ადამიანი წამებას დაექვემდებარა, ამის გათეთრება და გადაღებვა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე რაც უფრო მეტს ისაუბრებს, საზოგადოება, განსაკუთრებით, ახალი თაობა დაინახავს, თუ რომელ პარტიასთან აქვს საქმე და ვინ არის ამ პარტიის ლიდერი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიბადრი ჯაფარიძე საკრებულოს მანდატს ტოვებს – მას თბილისის საკრებულოში სავარაუდოდ, ვატო სურგულაძე შეცვლის
შემდეგი სტატიაჰარცელი – შესაძლებელია დისკუსია, რა არის საუკეთესო საარჩევნო ბარიერი ქართული დემოკრატიისთვის