თალაკვაძე – პასუხისმგებლიანმა პოლიტიკოსებმა უნდა მოვძებნოთ შეთანხმების შესაძლებლობა

საკონსტიტუციო რეფორმისა და მნიშვნელოვანი დემოკრატიული ცვლილებების გატარების შემდეგ, დღეს, IX მოწვევის პარლამენტი, დემოკრატიის შემდგომი გაძლიერების, ჯეროვანი მმართველობის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ესტაფეტას გადასცემს ახალ, მეათე მოწვევის პარლამენტს, – ამის შესახებ საქართველოს მეათე მოწვევის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველომ არსებითად პროპორციული სისტემით ჩაატარა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ავტორიტეტული საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, კონკურენტულ გარემოში, ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა.

„პანდემიის მიუხედავად, ​ორმილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და უფლება არ გვაქვს, ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი. 2020 წლის არჩევნებმა შექმნა მრავალპარტიული პარლამენტის, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის, არგუმენტებზე და არა შეურაცხყოფაზე დაფუძნებული ოპონირების, დასავლური დემოკრატიებისთვის დამახასიათებელი პოლიტიკის კეთების შესაძლებლობა და ეს მიღწევა, ოპოზიციის ერთი ნაწილის ჭირვეულობის გამო არ უნდა დაიკარგოს. დემოკრატია არის მონაწილეობა და მისი ბოიკოტირება დაუშვებელია. გაცილებით დემოკრატიულია ბრძოლა და მოლაპარაკებების წარმოება პარლამენტის შიგნით, ვიდრე სხვა საშუალებების გამოყენება პარლამენტის გარეთ. პასუხისმგებლიანმა, მომავალზე ორიენტირებულმა პოლიტიკოსებმა უნდა მოვძებნოთ შეთანხმების შესაძლებლობა, სათანადოდ დავაფასოთ ჩვენი მოქალაქეების მიერ გამოხატული ნდობა და ჩვენი ქვეყნის მეგობარი ელჩების ძალისხმევა პოლიტიკური დიალოგის ხელშესაწყობად. ყველამ პატივი უნდა სცეს არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, რომელიც ორ მილიონამდე მოქალაქის გადაწყვეტილებას ასახავს და საარჩევნო ადმინისტრაციის ათასობით მოხელის, ასევე, ხაზგასმით ვამბობ – ოპოზიციური პარტიების 11 ათასზე მეტი წარმომადგენლის მიერ, ხელმოწერით არის დადასტურებული. გთხოვთ, ამ საზოგადოებრივ მანდატს განსაკუთრებით მოვუფრთხილდეთ, ჩვენი საპარლამენტო საქმიანობა წარვმართოთ მოქალაქეებისადმი დიდი პასუხისმგებლობით და მთელი ამ პერიოდის მანძილზე მაქსიმალურად შევინარჩუნოთ საზოგადოებასთან პირდაპირი და აქტიური კომუნიკაცია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს ახალგაზრდა დემოკრატია, თუმცა ამ წლების განმავლობაში, საზოგადოებისა და საერთშორისო პარტნიორების მხარდაჭერით მოხდა ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტების განმტკიცება როგორიცაა თავისუფალი მედია, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, უფრო ეფექტური თვითმმართველობა და ანგარიშვალდებული ხელისუფლება.

„დღეს, ქვეყანაში გვაქვს სხვადასხვა მედია, რომლითაც ხშირად და აქტიურად ისმის ოპოზიციის ხმა; გვყავს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც თავისუფლად გამოხატავს საკუთარ პოზიციას ნებისმიერ საკითხზე; ქვეყანას ყავს მთავრობა, რომელიც ანგარიშვალდებულების სტანდარტს იცავს და რეგულარულად მოდის საკანონმდებლო ორგანოში. მხოლოდ გასული ორი წლის განმავლობაში, პრემიერ-მინისტრის და მთავრობის წევრთა დასწრება და მოსმენების რაოდენობა პარლამენტში, აღემატებოდა ბოლო 15 წლის ჯამურ მაჩვენებელს“, – განახცადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მეათე მოწვევის პარლამენტს უკვე აქვს გამორჩეულად მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტები, რათა გაუძღვეს ქვეყნის საკანონმდებლო პროცესს, ზედამხედველობა გაუწიოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, გადაწყვეტილების მიღებაში უზრუნველყოს საზოგადოების ჩართულობა და ეს პროცესი წარმართოს ღიად, გამჭვირვალედ და ეფექტურად.

„ახალი პარლამენტი ასევე, განსაკუთრებული იქნება გენდერული ბალანსის თვალსაზრისითაც – ახლა უფრო მეტი, თავისი საქმის პროფესიონალი და წარმატებული ქალი მონაწილეობს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში. დღეს, ჩვენ ამ დარბაზში ვერ შევიკრიბებოდით, რომ არა ჩვენი საზოგადოების ერთიანობა და სოლიდარობა, რომ არა ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალთა მრავალთვიანი, დაუღალავი ბრძოლა „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან. ახალმა კორონავირუსმა მთელი მსოფლიო გამოცდის წინაშე დააყენა. 2020 წლის მარტის შემდეგ პირბადეები, სოციალური დისტანცია და მკაცრი შეზღუდვები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. უხილავი მტრის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. ჩვენი საზოგადოებისთვის დიდი დანაკარგი და ტკივილია კორონავირუსისგან გარდაცვლილი ადამიანები. მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო თითოეულ ოჯახს, ვინც მისთვის ძვირფასი ადამიანი დაკარგა. ქედს ვიხრი ჩვენი თანამოქალაქეების წინაშე და განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მათ, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე, ზოგჯერ საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად, იდგა ჩვენი საზოგადოების დასაცავად, წესრიგის და უსაფრთხოების, სოციალური ფუნქციების უზრუნველსაყოფად. მადლობას ვუხდი: ექიმებს, ექთნებს და ეპიდემიოლოგებს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში, უკვე რამდენიმე თვეა, მუხლჩაუხრელად შრომობენ ადამიანების გადასარჩენად; პოლიციელებს, ჯარისკაცებს და მაშველებს, რომლებიც იცავენ მართლწესრიგს და უსაფრთხოებას შეზღუდვების პირობებშიც; მასწავლებლებს, რომლებიც დისტანციურად უზრუნველყოფენ ბავშვების და ახალგაზრდებისთვის განათლების მიწოდებას; მოხალისეებს, საზოგადოების იმ წევრებს, ვინც ეხმარებიან მარტოხელა ადამიანებს, ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ხანდაზმულებს და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს. ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, აშშ-სა და ევროკავშირს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საფინანსო ინსტიტუტებს, რომელთა მხარდაჭერაც ჩვენი ქვეყნისთვის პანდემიის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიმეათე მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერატი აირჩიეს
შემდეგი სტატიაჯაფარიძე გირჩზე: ალბათ, შეთანხმების იმედს იტოვებენ, რისიც მე არ მჯერა