თალაკვაძე – ოლივერ ვარჰეიმ ევროკავშირის დროშის აღმართვისთვის კახა კუჭავას მადლობა გადაუხადა

შეხვედრის დასაწყისში ერთ-ერთი საკითხი, რაც ევროკომისარმა ხაზგასმით აღნიშნა, შეეხებოდა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ პარლამენტის შენობაზე ევროკავშირის დროშის აღმართვას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისართან ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისვე თქმით, საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი, აქვს ასოცირების შეთანხმება და აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ვინც ევროკავშირის დროშა ჩამოხსნა, ქართველი ხალხისა და ქვეყნის ისტორიულ არჩევანს ეწინააღმდეგება.

„ეს გამოხატავს ჩვენი ხალხის და ქვეყნის ისტორიულ არჩევანს, რომელიც კონსტიტუციაშიც არის ჩაწერილი. საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი, აქვს ასოცირების შეთანხმება და აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა გავერთიანდეთ ეროვნული ინტერესების გარშემო.

პოლიცია იცავდა ადამიანებს, ვინც დროშა ჩამოხსნა, წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ხალხის და ქვეყნის ისტორიულ არჩევანთან, გავხდეთ ევროკავშირის წევრი. დღეს ევროკავშირის დროშა პარლამენტის წინ არის აღმართული. როგორც გითხარით, კომისარმა შეხვედრაზე განსაკუთრებული ხაზგასმით გადაუხადა მას მადლობა ამისთვის. ეს გამოხატავს არა მხოლოდ პარლამენტის პიზიციას, არამედ ჩვენი საზოგადოების არჩევანს და დამოკიდებულებას, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი და საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. ამისთვის ვიმუშავებთ და მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამის გარშემო გვქონდეს ერთიანი პოზიციები. საზოგადოების რომელიმე ჯგუფებს შორის დაპირისპირება იმის თაობაზე – ევროკავშირის დროშა უნდა იყოს თუ არა პარლამენტის წინ და საქართველო ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს თუ – არა, რეალურად არ არსებობს. ცალკეული ადამიანები, ვინც ეს გააკეთეს, ეწინააღმდეგებიან ქართველი ხალხის არჩევანს. რაც შეეხება პოლიციელთა ქმედებებს, საზოგადოებამ ნახა პოლიციელების დამოკიდებლება საკუთარი მოქალაქეების მიმართ, ჟურნალისტების მიმართ – ცნობილი ფრაზა, როცა პოლიციელმა ჟურნალისტს უთხრა, თავის თავს გაწირავდა, რათა ჟურნალისტი დაცული ყოფილიყო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გოელაურის პარლამენტში მისვლის საკითხს, თალაკვაძემ საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ მთავრობის ანგარიშვალდებულება გაზარდა პარლამენტმა და დღეს მთავრობა პარლამენტში მიდის, კითხვებს პასუხობს. მისივე თქმით, მინისტრების მიწვევას რეგლამენტი არეგულირებს.

„ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში პარლამენტში პრემიერ-მინისტრების და მინისტრების მოსმენების რაოდენობა ჯამურად აღემატება წინა 20 წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრების და მინისტრების ვიზიტებს პარლამენტში, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ მთავრობის ანგარიშვალდებულება გაზარდა პარლამენტმა და დღეს მთავრობა პარლამენტში მოდის, კითხვებს პასუხობს. მათ მოწვევას არეგულირებს პარლამენტის რეგლამენტი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებულ მოვლენებს, თალაკვაძემ განაცხადა, რომ პოლიცია მობილიზებული იყო, რათა მოქალაქეები დაეცვა.

„ძალადობა მიუღებელია და ვგმობთ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის წინააღმდეგ. სახელმწიფო იცავს ყველა მოქალაქეს, კანონის წინაშე ყველა თანასწორია. გუშინ ვნახეთ პოლიციის სრული მობილიზება, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო. როდესაც რისკია, რომ დაპირისპირება გადაიზარდოს ფიზიკურ დაპირისპირებაში, პოლიციის ასეთი მაქსიმალური მობილიზება გამართლებული იყო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიკომისიის ეტაპს გადავალ – აკაკი ხუსკივაძეს ცეკო-ს წევრობა სურს
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – ბოლო დღეების განმავლობაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება