თალაკვაძე – მშვიდობიანი მანიფესტანტის ქურქებში გამოწყობილ რადიკალებს, რომლებიც უკანა რიგებში იმალებოდით, მინდა გითხრათ – ქვეყნის მომავალი და ევროპული იდეა გაცილებით მეტ ადამიანს გვაერთიანებს

მშვიდობიანი მანიფესტანტის ქურქებში გამოწყობილ რადიკალებს, რომლებიც გუშინ უკანა რიგებში იმალებოდით, მინდა გითხრათ – ჩვენი ქვეყნის მომავალი და ევროპული იდეა გაცილებით მეტ ადამიანს გვაერთიანებს, მათ შორის ბევრი გუშინ იდგა რუსთაველზე,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, როცა რეგიონში ომია და ქვეყანა დიდი გამოწვევების წინაშე დგას, მშვიდობა და ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ.

„გვეამაყება, რომ საქართველოს მოქალაქეების უდიდეს ნაწილს ეს მიზანი [ევროპული არჩევანი] გვაერთიანებს. გავიხსენოთ ბატონი ზურაბ ჟვანიას ისტორიული სიტყვები – მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი!

მშვიდობიანი მანიფესტანტის ქურქებში გამოწყობილ რადიკალებს, რომლებიც გუშინ უკანა რიგებში იმალებოდით, რომ ხალხს არ დაენახეთ, რადგან ისინი კარგად გიცნობენ – მინდა გითხრათ, ჩვენი ქვეყნის მომავალი და ევროპული იდეა გაცილებით მეტ ადამიანს გვაერთიანებს – მათ შორის ბევრი გუშინ იდგა რუსთაველზე. ბევრიც გუშინ იდგა საზღვრებზე და ქვეყანას იცავდა, ბევრი იცავდა წესრიგს და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებას, ბევრიც სასწრაფოს ავტომობილში მორიგეობდა.

ყველა პარტიამ თავის ისტორიას გადახედოს, ვინ რა გააკეთა ამ ქვეყანაში ევროპული – ევროპა არის ადამიანის უფლებების პატივისცემა; ევროპა არის განათლება და ჯანდაცვა; ევროპა არის სიტყვის თავისუფლება და მრავალფეროვანი მედია; ევროპა არის კანონის უზენაესობა; საკუთრების უფლების დაცვა და ბიზნესის თავისუფლება; ევროპა არის პოლიტიკური პლურალიზმი და წარმომადგენლობითი პარლამენტი; ევროპა არის არჩევნების შედეგების პატივისცემა; ევროპა არის უნარი, რომ რაღაც ახლის ასაშენებლად არ დაანგრიო რაიმე უფრო მნიშვნელოვანი; ევროპა არის სტაბილურობა, უსაფრთხოება – როცა მოქალაქეებს პროგნოზის გაკეთება შეუძლიათ და უსაფრთხო, მშვიდობიან მომავალს ხედავენ.

ეს ჩამონათვალი შემთხვევით არ გამიკეთებია – ყველა კარგად დავფიქრდეთ, ვინ რა გააკეთა ამ მიმართულებით! მაგრამ ახლა, მომავლისკენ უნდა გავიხედოთ! როცა რეგიონში ომია და დიდი გამოწვევების წინაშე ვართ, მშვიდობა და ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ. რაც ქართული და ევროპული გაკეთდა საქართველოში, კი არ დავგმოთ და გავანადგუროთ, არამედ დავიცვათ, შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ – სწორედ ეს დაგვეხმარება ევროპულ გზაზე.

ხელისუფლება განვაგრძობთ თანამშრომლობას ევროკავშირთან და სწრაფვას საერთო ევროპული ოჯახისკენ. საზოგადოების უდიდესი მხარდაჭერა ამ მიმართულებით, დიდ მოტივაციას გვაძლევს! ამ ურთულეს მომენტში, წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მეგობარ უკრაინას და მოლდოვას. შევხვდებით ევროპაში!“ – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

banner
წინა სტატიაშიგაწყვეტილი გვაქვს ურთიერთობაო და დედის გინებას ხომ არ დაიწყებს? – მდინარაძე ღარიბაშვილის პასუხზე
შემდეგი სტატიაკასპის მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონას ეძებენ